ეკონომიკა

ეკონომიკის შავი ხვრელი — როგორ მუშაობენ სახელმწიფო კომპანიები

საბჭოთა რეალობაში არსებობდა ეკონომიკური ფენომენი - სახელწოდებით планово убыточное предприятие [გეგმიურად წამგებიანი ორგანიზაცია] - საბჭოთა დაგეგმარების სამმართველო ახდენდა საწარმოს ფინანსურ ანალიზს. სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ წარმოება წამგებიანი იქნებოდა, თუმცა პროექტის განხორციელებას ეს ხელს არ უშლიდა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო კომპანიები სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა "გეგმიურად წამგებიან საწარმოებს"

სახელმწიფო საწარმოებად ითვლებიან კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა მიზნით სახელმწიფომვე დაარსა და  წილი 50%-ს აღემატება.  უცნობია კომპანიების  ზუსტი რაოდენობა, თუმცა ცნობილია ფინანსურად მნიშვნელოვანი საწარმოების რაოდენობა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 236 საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, შესაძლოა, ფისკალური რისკის ფაქტორი გახდეს, ამიტომაც ამ კომპანიების ფინანსური მდგომარეობა ყოველწლიურად ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში განიხილება.


გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის ზარალმა 163 მილიონი ლარი შეადგინა. ზარალის გამომწვევ მიზეზად კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობა მიუთითა, რომელიც 189 მილიონ ლარს გაუტოლდა და გაზრდილ საოპერაციო მოგებას გადააჭარბა. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 2,6 მილიარდ ლარს აღემატება. წლების მიხედვით სახელმწიფო საწარმოების ზარალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2013 წელი — 45 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი — 61 მილიონი ლარი;
  • 2015 წელი — 757 მილიონი ლარი; 
  • 2016 წელი — 437 მილიონი ლარი;
  • 2017 წელი — 562 მილიონი ლარი;
  • 2018 წელი — 805 მილიონი ლარი. 

წინა წლებში სახელმწიფო კომპანიებისა და მათ შორის რკინიგზის წამგებიანობის მთავარ მიზეზად აქტივების ჩამოწერას ასახელებდნენ. 2017 წელს ფისკალური რისკების დოკუმენტში რკინიგზის ზარალიანობის მიზეზად შემდეგი ფაქტორები გამოიყო:

  • გამოიყოფა რკინიგზის საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების ჩამოწერა. საუბარია, თბილისის შემოვლით რკინიგზის პროექტზე, რომლის მშენებლობა 2010-2012 წლებში მიმდინარეობდა. წინა წლებში ეს პროექტი დაკონსერვდა. საბოლოოდ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე 200 მილიონი ლარი ფუჭად დაიხარჯა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივების ჩამოწერა შედგა. აუდიტის შედეგად რკინიგზას 382 მილიონი ლარის აქტივები ჩამოეწერა;
  • ზარალის მიზეზად, ასევე, სახელდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაგეგმილზე ნაკლები შემოსავალი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომელიც სრულად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია, 2017 წელს დაგეგმილზე 250 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

ცხადია, მსხვილი აქტივების ჩამოწერამ და შემოსავლების სიმცირემ მნიშვნელოვნად განაპირობა სახელმწიფო კომპანიების წამგებიანი წელი, თუმცა სახელმწიფო კომპანიები წამგებიანი მხოლოდ 2017 წელს არ ყოფილა, უწყებები წაგებაზე მუშაობდნენ ბოლო 5 წლის განმავლობაშიც. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო კომპანიების წამგებიანობა მხოლოდ მოყვანილი არგუმენტებით ვერ აიხსნება.

ამას ადასტურებს ისიც, რომ სახელმწიფოს კომპანიები ოდესღაც მოგებაზეც გადიოდნენ. მაგალითად, 2012 წელს ჯამურმა მოგებამ 150 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ კომპანიების ზარალიანობა შესაძლოა არაფინანსური მიზეზებით იყოს განპირობებული. ერთ-ერთი კი საწარმოების გაუმჭვირვალობა და ამ სტრუქტურებში არსებული სისტემური კორუფცია იყოს, რომელზეც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა მიუთითებს.

მწვავე პრობლემები არსებობს საწარმოების მხრიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, დაარსების მოტივებისა და ეფექტურობის კუთხით. სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტისტურ გარიგებებზე და კორუფციაზე ხშირად უსაუბრია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას. 

"დღეს სახელმწიფო კომპანიები არაეფექტიანობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ". − განაცხადა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ვიზიტის დროს. ამგვარ ნეპოტიზმზე და გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს ბოლო თვეებში მომხდარი რამდენიმე ფაქტიც.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ქუცნაშვილი უმუშევრად, მის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ დარჩა.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქუცნაშვილს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სურდა სამსახურის მიღება, თუმცა პარლამენტმა ყოფილი თანაგუნდელი პოზიციაზე არ წარადგინა. უარის მიუხედავად, ახალი და, სავარაუდოდ, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური ქუცნაშვილისთვის მალევე მოიძებნა. ყოფილი დეპუტატი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 

ამ საწარმოს 49%-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ფლობს, ხოლო საკონტროლო პაკეტს საპარტნიორო ფონდი. ორივე უწყება სახელმწიფოს საკუთრებაშია. ამის მიუხედავად, კვლავაც უცნობია, თუ რა ხელფასს მიიღებს ქუცნაშვილი ახალ თანამდბებობაზე. ჟურნალისტების კითხვაზე ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ იგი აღარ არის საჯარო პირი და არც პასუხების გაცემის ვალდებულება აქვს. 

იგივე პასუხი გასცა ჟურნალისტებს ოცნების კიდევ ერთმა ყოფილმა დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა. მანდატის დატოვების შემდეგ ზარდიაშვილმა ახალი სამსახური სახელმწიფო კომპანიაში, "ენერგოტრანსში" მიიღო. ქუცნაშვილის მსგავსად, ზარდიაშვილიც დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

მმართველი გუნდიდან წასული ჩინოვნიკების სახელმწიფოს კომპანიებში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშვნა ბოლო წლებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ხოლო პარტიული აქტივის წევრები იმავე კომპანიებში შედარებით მოკრძალებულ თანამდებობს იკავებენ. 

საბოლოოდ, ჩამოთვილილი პრობლემები პირდაპირ აისახება ამ კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე. სახელმწიფო კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვანი საკითხი გახდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებისა და მთავრობის ურთიერთობაშიც. მაისში IMF-სა და მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმებით, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. 

შეთანხმების მიხედვით, საპარტნიორო ფონდმა უნდა შეწყვიტოს ახალი საინვესტიციო პროექტები და მხოლოდ არსებული პროექტების დაფინანსებით შემოიფარგლოს. ეს ფონდის პირდაპირი პირობა იყო, რომელიც მთავრობამ დააკმაყოფილა. ამგვარი პირობის წამოყენების მიზეზი კი შესაძლოა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული საეჭვო და წამგებიანი ინვესტიციები იყოს. 

მათ შორის, მარტში ცნობილი გახდა, რომ ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია 7 მილიონი ლარით დააფინანსა. ცნობისთვის, დავით საგანელიძე და ლევან გაჩიჩელაძე ძველი თანაპარტიელები და მეგობრები არიან. გაჩეჩილაძის კომპანიას აშშ-ში ღვინის ექსპორტი ორი წლის წინ უნდა დაეწყო, თუმცა ბაზრის ათვისების პროცესი ჯერაც არ დაუწყია. გაჩეჩილაძე სარეკლამო კამპანიისთვის დამატებით 2 მილიონი ლარის მოთხოვნას გეგმავდა. 

დავით საგანელიძეს თავისი უწყების ზარალიანობის მიზეზებზე უცვლელი პასუხი აქვს, რომლის მიხედვითაც "ორი კომპანიის, რკინიგზისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის გამოკლებით საპარტნიორო ფონდი მომგებიანია."

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები, ოპერირებენ როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ასევე, სააქციო საზოგადოების სახით. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო კომპანიას კერძო მენეჯმენტი მართავს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს კომპანიები სხვადასხვა სამინისტროებისა და სსიპ-ები (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ზედამხედველობის ქვეშ არიან.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ამ კომპანიების დასახმარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებიც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებში 1,5 მილიარდი ლარი გადარიცხა. ამ თანხის ნაწილი კომპანიებში ირიცხებოდა, როგორ კაპიტალდაბანდება, ან როგორც სუბსიდია.

მიუხედავად დიდი ოდენობით საბიუჯეტო დახმარებისა, ამ წლების განმავლობაში იზრდებოდა სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ვალდებულებებიც. 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ვალდებულებები 72%-ით გაიზარდა, ამავე პერიოდში, ჯამური კაპიტალი − მხოლოდ 16%-ით.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების ვალს, ქვეყნის მთლიან საგარეო ვალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ამ საწარმოების ჯამური ვალდებულებები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 18.5%-ია, რაც, ასევე, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარია.

ამ კომპანიების წინაშე არსებული ვალდებულებებზე პასუხისმგებელი საქართველოს სახელმწიფოა. თუ კი კომპანიებს გადაულახავი სირთულეები შეექმნებათ, სახელმწიფო ვალდებულია მოემსახუროს ამ კომპაინიების ვალდებულებებს. 

სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაულახავი სირთულეების ალბათობა საკმაოდ მაღალია. საქმე ისაა, რომ 68 უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოდან 59 მომგებიანობის კოეფიციენტს ვერ აკმაყოფილებს. ამავე 68 კომპანიიდან, 29 საწარმო მაღალრისკიანად არის შეფასებული. სარისკო კომპანიების ჯამური ფინანსური დავალიანება მშპ-ის 12 პროცენტს (4,5 მილიარდი ლარი) უტოლდება.

საშუალორისკიან კომპანიებად ფინანსთა სამინისტრომ 28 საწარმო მიიჩნია, ასეთი საწარმოების ჯამური ვალდებულება მშპ-სთან მიმართებაში 4,5 (1,7 მილიარდი ლარი) პროცენტია.

2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში 2.6 მილიარდი ლარით გაიზარდა სახელმწიფო კომპანიების ჯამური ხარჯებიც.  მატება 244%-ს აღემატება. ამავდროულად შემოსავლები 1,6 მილიარდი ლარით, ანუ 150%-ით არის გაზრდილი.

მონაცემთა დაჯამებით გამოდის, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ზარალი 2,6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში ფინანსური ვალდებულებები გაიზარდა 2,9 მილიარდი ლარით. ასევე, 1,2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ამ საწარმოების ხარჯი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებისთვის გადარიცხული თანხა 1,4 მილიარდ ლარს უტოლდება. ნათელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანიები საიდუმლო და კორუფციული გარიგებების სივრცედ ჩამოყალიბდა. 

სახელმწიფო საწარმოებში და შვილობილ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასს აღემატება. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები ზარალიანობის გარდა, გამოირჩევიან ამ კომპანიის ხელმძღვანელ პირთა ანაზღაურების სიდიდით. რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის მმართველები ამავდროულად მთავრობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერები არიან. 

მაგალითად 2015 წლიდან დღემდე, დავით საგანელიძის ანაზღაურებამ ჯამურად 1,3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ორი წლის განმავლობაში მხოლოდ რკინიგზის დირექტორის, დავით ფერაძის ხელფასმა კი − 350 000 ლარს. 

კომენტარები