ბელარუსი

ლუკაშენკო თავის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა [LIVE]

16 აგვისტოს ალექსანდერ ლუკაშენკო ბელარუსში საკუთარ მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა. ამ წუთებში ის სიტყვით გამოდის.

"ყველას უნდა, რომ მუხლებზე დაჩოქილი გვიხილონ. ვერ გვიხილავთ!" – განაცხადა მან.

აქციაზე გამოსვლისას მან უარი განაცხადა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებაზე.

ბელარუსში მედია წერს, რომ ლუკაშენკოს მხარდამჭერ აქციაზე ხალხი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებიდან ჩაიყვანეს და ისინი იძულებულნი იყვნენ დასწრებოდნენ აქციას. 

"მამული საფრთხეშია! ჩვენ ერთაინი და განუყოფელი ვართ" - გაიძახდა აქციაზე ერთერთი სპიკერი.

აქციაზე დამსწრეები ლუკაშენკოს მოფერებით სახელს, ბატკასაც გაიძახდნენ

"მე აქ ლუკაშენკოსთვის მოვედი. არ მესმის ყველა მის წინააღმდეგ რატომ ამხედრდა. მისი წყალობით, ჩვენ პენსიებს და ხელფასებს დროულად ვიღებთ," - თქვა 68 წლის მონაწილემ, ალა გეორგიევნამ

აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე დაგეგმილია ანტისამთავრობო პროტესტი "მარში თავისუფლებისთვის".

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. ბელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიიცის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

კომენტარები