ტურიზმი

Turkish-ით და Pegasus-ით თბილისიდან სტამბოლში გაფრენა შეგეძლებათ, უკან დაბრუნება - არა

0 კომენტარი
თბილისის აეროპორტი

საქართველოს ავიაციის საგენტომ Turkish Airlnes-ს და Pegasus Airlines-ს ჩარტერული ფრენების ნებართვა მისცა. თურქეთის ავიახაზები 29 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, შაბათობით იფრენს. პეგასუსის ავიახაზები კი, ცალმხრივ ჩარტერულ ფრენებს 23 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე, ყოველ კვირადღეს შეასრულებს.

"ფრენები იქნება გამყვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანიები მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის რეისზე მოემსახურებიან" - ნათქვამია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იგივე პრინციპით შესრულდება თბილისი-კიევის (SkyUp Airlines - 23 და 31 აგვისტო), თბილისი-მინსკის (ბელავიის ავიახაზები - 27 აგვისტო და 3 სექტემბერი), თბილისი-თელ-ავივის (ავიაკომპანია ისრეარი - 25 აგვისტო) ჩარტერული რეისები - მგზავრებს ამ ქალაქებში გაფრენა შეეძლებათ, ხოლო თბილისში ჩამოსვლა - არა.

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France-ც კვირაში ორჯერ, რიგაში კი, ავიაკომპანია Air Baltic აქამდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, ხოლო 20 აგვისტოდან, სიხშირე კვირაში ორი იქნება. გარდა ამისა, აირზენა ევროპის დედაქალაქებიდან ყოველთვიურად ასრულებს თვეში დაახლოებით 15 ჩარტერულ ფრენას. ასევე, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობამ ორჯერ დანიშნა რამდენიმე ქალაქიდან სპეციალური რეისები ემიგრანტების გამოსაყვანად. ამ ეტაოზე, მეტი სპეცრეისი აღარ არის დაგეგმილი.

22 აგვისტო - 30 სექტემბრის ყველა დადასტურებული ფრენა (სრული განრიგი)

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები