კორონავირუსი აჭარაში

ბოლო 24 საათში აჭარაში COVID-19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე ამბობს, რომ 6-დან 2 ახალი შემთხვევის შესახებ გუშინვე გახდა ცნობილი - ერთი ხელვაჩაური-ბათუმის ავტობუსის მძღოლია, ერთი შემთხვევა კი ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში დადასტურდა.

ახალი შემთხვევებიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ერთი ე.წ. დონას კლასტერიდან. მისივე თქმით, ერთმა ადამიანმა ცხელების ცენტრს თავად მიმართა.  

ეფაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია - ხელვაჩაური-ბათუმის ავტობუსის მძღოლისა და იმ პაციენტის, რომელმაც ცხელების ცენტრს თავად მიმართა.

ეფაძის ინფორმაციით, ჩაქვის ოაზისში PCR ტესტირებისთვის სულ 924 ნიმუში აიღეს, მათი პასუხები დღეს იქნება ცნობილი. ასევე, ნონა ეფაძის ცნობით, ხუთი ადამიანი, ვისაც ინფიცირებულ პაციენტთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, კარანტინშია გადაყვანილი.

იმ პირებს, რომლებსაც ახალ ეპიდემიოლოგიურ კერებთან ჰქონდათ შეხება , ექიმები მოუწოდებენ, რომ COVID-19-ზე ტესტი ჩაიტარონ. ბათუმში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამი კარავი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება შეუძლიათ, ბულვარშია განთავსებული. კარვები განთავსებულია კოლონადასთან, რესტორან აჭარული სახლის მიმდებარედ და ანბანის კოშკთან. 

კომენტარები