ლარის გაუფასურება

ლარი რეკორდულად უფასურდება – ხელისუფლება კი, ოპოზიციისკენ იშვერს ხელს

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 5.9 თეთრით, ხოლო ევროსთან - 10.9 თეთრით გაუფასურდა. მხოლოდ ნოემბრის ოთხ დღეში ლარმა დოლართან 16.7 თეთრი დაკარგა, ევროსთან - 24 თეთრი. ბოლო 8 თვეში კი, ლარი დოლართან 57 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 95.6 თეთრით. დღეს ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - ლარის გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

საქართველოს ხელისუფლება ლარის კურსის ვარდნას ოპოზიციას აბრალებს. ამის შესახებ განცხადებები გააკეთეს როგორც მთავრობის წევრებმა, ისე ქართული ოცნების აღმასრულებელმა და გენერალურმა მდივნებმა .

"ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, რომელიც ხასიათდება რადიკალიზმით, უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია, არ აისახოს ლარის კურსზე. ამ ეტაპზე, ამ მომენტისთვის არანაირი ობიექტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის.

ეს ერთმნიშვნელოვნად არის იმ მოვლენებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რაც დღეს ქვეყანაშია" - თქვა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

"ძალიან ხშირად, ჩვენ ვხედავთ, რომ არის შევარდნების მცდელობა, ჩვენ ვხედავთ ძალიან დაძაბულ, მართულ პროცესს. როდესაც ეს ხდება და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, ნაცვლად სამართლებრივი გზის არჩევისა, როდესაც ვხედავთ მათგან არეულობის მცდელობას, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი ვალუტის კურსი რეაგირებს ამაზე" - ამბობს ვიცეპრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

"როდესაც აანონსებ რევოლუციურ სცენარსა და არეულობას, ეს, ბუნებრივია, ლარის კურსზე გავლენას ახდენს... 2-3 დღეში ქართველი საზოგადოება მიხვდება, რომ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის განხორციელების არავითარი თავი არ აქვს, ისინი უნიათო რევოლუციონერები არიან, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ" - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

"დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი დაწყნარდება, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას". – ასე პასუხობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე კითხვას ლარის კურსისა და ეკონომიკური კრიზისის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. დღეს კი, 1 დოლარის ღირებულება 3.4 ლარია, 1 ევროსი კი - 4.0137.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაერთხელ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები