თურქეთი

თურქეთის სახელმწიფო გალერეაში ნიუ ჟანრის ნახატები იატაკზე იპოვეს

თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში, სახვითი ხელოვნების სახელმწიფო გალერეაში გამოფენილი სურათები შიშველი ადამიანების გამოსახულებით კედლიდან მოხსნეს. დამთვალიერებლებმა ნახატები იატაკზე, გადმობრუნებულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

ნამუშევრები თანამედროვე მხატვრის, ემინ გიულორენის გამოფენის ნაწილი იყო. ყველა მათგანზე გამოსახული იყო შიშველი ქალი. გამოფენა 24 დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ის უკვე დაიხურა.

მხატვართა პროფკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც გიულორენის სახელით გამოდიან, ამ მოვლენას, როგორც ცენზურას, ისე აფასებენ. ესკიშეჰირის საგანმანათლებლო კავშირის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ეს ცენზურის გამოხატულებაა: `ხელოვანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და ამ თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება’, - ამბობს ალი ფაშა შანლი.

ქალაქის კულტურული დირექტორატის წარმომადგენელი ცენზურას უარყოფს და აცხადებს, რომ გამოფენილი სურათები არ შეესაბამებოდა იმ მასალას, რომელიც წინასწარ გაგზავნილ კომპაქტურ დისკზე იყო ჩაწერილი. `ნიუსთან ამას კავშირი არ აქვს. სურათები შიშველი ადამიანების გამოსახულებით გალერეაში ადრეც ყოფილა წარმოდგენილი`, - ამბობს ის.

თავად მხატვარი ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, ოფიციალური პირების მოქმედება უკვე თავად ამბობს სათქმელს.

უფრო ადრე, ამ წლის იანვარში კიდევ ერთი გამოფენა გაუქმდა ორგანიზატორების მიერ, მას შემდეგ, რაც იზმირში ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს ფოტოების ჩამოხსნა, რელიგიური და მორალური ფასეულობების შეურაცხყოფის მოტივით. მათ შორის იყო ორი ჩადრიანი ქალის ფოტო, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ, ასევე ბიკინიში გამოწყობილი, თავსაბურავიანი ქალის ფოტო.  

კომენტარები