ცენტრ პოინტი ჯგუფის საქმე

ცენტრ პოინტ ჯგუფისა და დექსუსის დამფუძნებლებს ბრალი წაუყენეს

justice.gov.ge

ცენტრ პოინტისა და დექსუსის დამფუძნებლებს - მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და ივანე ცაგურიას, თბილისის პროკურატურამ ბრალი თაღლითობისა და მითვისების მუხლით წაუყენა. დაყადაღებულია ცენტრ პოინტ ჯგუფი, ასევე დექსუსისა და მასთან დაკავშირებული კომპანიის ალიანს კაპიტალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

პროკურატურის ინფორმაციით, ცენტრ პოინტ ჯგუფის მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე, მიმდინარე გამოძიებამ დაადგინა, რომ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხები უკანონოდ დაისაკუთრეს. მომხდარში ფიგურირებენ ცენტრ პოინტის დამფუძნებელი და კომპანიის 50% წილის მფლობელები - რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი, ასევე კომპანია დექსუსის დამფუძნებელი და 33% წილის მფლობელი - ივანე ცაგურია.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შეთანხმებული და სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით უკანონოდ დაისაკუთრეს მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხები, რის გამოც ვეღარ მოხდა ამხანაგობის წევრთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის დასრულება.

პროკურატურა იტყობინება, რომ მაია რჩეულიშვილმა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თანხიდან მილიონ 65 ათასი დოლარი მიითვისა, რუსუდან კერვალიშვილმა - 1 833 806 დოლარი და 185 ათასი ფუნტი სტერლინგი. ამას გარდა, ორივე მათგანმა ერთობლივად მიითვისა 2 მილიონ დოლარზე მეტი და 2 403 750 ლარი. ჯამში, როგორც გამოძიება აცხადებს, რჩეულიშვილმა და კერვალიშვილმა, სხვადასხვა გზით, უკანონოდ 11 მილიონ ლარზე მეტი მიისაკუთრეს.

კერვალიშვილს, რჩეულიშვილსა და ცაგურიას პროკურატურაში კითხავენ.

მთავარი პროკურორის დადგენილება რუსუდან კერვალიშვილის ბრალდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები