ცენტრ პოინტი ჯგუფის საქმე

პროკურატურა ცენტრ პოინტის მფლობელთათვის მილიონი ლარის დაკისრებას ითხოვს

geonews.ge

მთავარი პროკურატურა, ცენტრ პოინტის მფლობელების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს. გირაოს რაოდენობად თითოეულისთის ერთი მილიონი ლარია განსაზღვრული.

რაც შეეხება კომპანია დექსუსის დამფუძნებელს, ივანე ცაგურიას, პროკურატურა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

გუშინ, 12 ივლისს, რუსუდან კერვალიშვილმა სასამართლოსგან  აღკვეთის ღონისძიებად მის მიმართ პატიმრობა გამოიყენება მოითხოვა. როგორც კერვალიშვილმა პრაიმ–ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იზიარებს ბრალდებაში წარმოდგენილ ”მთელ პათოსს”.  

"იმ დროს, როდესაც ბრალდება წარგვიდგინეს, მორალურად და ფსიქოლოგიურად  მზად არ ვიყავი, რომ ბრალდებას გავცნობოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიზიარებ ბრალდებაში წარმოდგენილ მთელ პათოსს და არა მარტო ვიზიარებ, მოვითხოვ, რომ ჩემ მიმართ შეფარდებული იყოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. რათა დაკმაყოფილებული იყოს მოსახლეობის შესაბამისი ინტერესი და დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ მე კომპანიის მართვაში არ ვმონაწილეობდი 7 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ჩემთვის ცნობილი იყო ყველაფერი, რაც კომპანიაში ხდებოდა, ბრალდების წარდგენის დროს შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულად ბრალდების წარდგენის მომენტი იყო სხვა სიტუაციის გადაფარვის მცდელობა" , - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ ცენტრ პოინტის და დექსუსის დამფუძნებლებს, თაღლითობის და დიდი ოდენობის თანხების მითვისების მუხლით ბრალი 11 ივლისს წაუყენა.

 

კომენტარები