სტიქია დასავლეთში

გარემოს დაცვის სამინისტრო: ინტენსიური ნალექი გვიან საღამომდე გაგრძელდება

გარემოს დაცვის სამინისტრო

უამინდობასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით,  ქობულეთში, ქედასა და ჩოხატაურში  გასული ღამის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შესაბამისად 106, 90 და 72 მმ შეადგინა. სამინისტროს ცნობით, ეს ძალიან ძლიერი ნალექების კატეგორიას განეკუთვნება. უწყების ინფორმაციით, ძლიერი ქარი აღინიშნა ზღვის სანაპირო ზოლში, შიდა ქართლში, თბილისში და მდ. თერგის ხეობაში.  ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ საშუალოდ 3 მ შეადგინა, რაც მაღალი სიმძლავრის შტორმს განეკუთვნება (5 ბალამდე). სამინისტროს განცხადებითვე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს მდინარეებზე წყლის დონემ მნიშვნელოვნად (1 მ-მდე) აიწია, თუმცა ჯერჯერობით საშიშ ნიშნულებამდე არ მიუღწევია. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული მოვლენების შედეგად, ქედის რაიონში დაიტბორა ნათესები და დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები; დაიტბორა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეული ქუჩები;  ბათუმში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული; თბილისში ხანმოკლე, ინტენსიური ნალექების შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, წყალსატუმბი სამუშაოები ჩატარდა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე.

„არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ 5 სექტემბრის გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება ინტენსიური ნალექები, რამაც შესაძლებელია დასახლებული პუნქტების დატბორვები, მდინარეთა დონეების მნიშვნელოვანი აწევა და ცალკეულ მონაკვეთებზე წყალმოვარდნები გამიწვიოს. სანაპირო ზოლში გაძლიერდება ქარი და ზღვის სანაპიროზე ღელვა. შემდგომ დღეებში შესაძლებელია გააქტიურდეს მეწყრული პროცესები“ - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის დიმიტრი დარჩიას ინფორმაციით, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში ღამის განმავლობაში 30-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. მისი თქმით, გამოძახება ძირითადად ავტომობილების და ავეჯის ევაკუაციის საკითხზე იყო.

ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდშიც. მოსახლეობას სახლის პირველ სართულებში წყალი სანიაღვრე არხებიდან შეუვიდათ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ.

4 სექტემბრის საღამოს 19.00 საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან ბალტიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი ატმოსფერული ფრონტი შემოიჭრა, რამაც დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში ინტენსიური ნალექები გამოიწვია.

 

კომენტარები