საზოგადოებრივი მაუწყებელი

შესაძლოა, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო წლის ბოლომდე დაკომპლექტდეს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი, რომელიც 2013 წლის 12 ივლისს დამტკიცდა, 2014 წლის იანვრის ნაცვლად, 2013 წლის დეკემბერში უნდა ამოქმედდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა შემჭიდროებულ ვადებში დამტკიცდეს. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებას ნორმალურ რეჟიმში დააბრუნებს. შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 7 წევრი დარჩა და მათ, გადაწყვეტილებების მიღება საკმარისი ხმების არარსებობის გამო არ შეუძლიათ.

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები შედის მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლში, რითაც კონკრეტდება მეურვეთა შესარჩევი პროცედურებისა და კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმები.

საქართველოს პარლამენტი მეურვეებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. მეურვეობის კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენენ, საპარლამენტო უმრავლესობა (3 მეურვე), სახალხო დამცველი (2 მეურვე), საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი (3 მეურვე), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (1 მეურვე).

მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წელი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროებში.

ახლადწარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წლით განისაზღვრება. საბჭოს შემადგენლობის მესამედი შეიცვლება 2 წელიწადში ერთხელ როტაციის წესით. ერთი და იგივე პირი არ აირჩევა მეურვედ ერთ ვადაზე მეტჯერ. მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს პარლამენტის საკონკურსო კომისია ღია კონკურსით.

კანონპროექტს პლენარულ სხდომებზე კომიტეტებში განხილვის შემდეგ, 13-15 ნოემბერს გაიტანენ. თუ პარლამენტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, დოკუმენტი ძალაში 25 ნოემბრიდან შევა და პარლამენტის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში კონკურსს გამოაცხადებს.

ახალი კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები: ალექსანდრე ქანთარია, ანი მიროტაძე, ზურაბ ტყემალაძე, ნინო გოგუაძე, ჯემალ ჭკუასელი და ელისო ჩაფიძე. 

 

კომენტარები