კორძაია: კოკის საარჩევნო უბანზე გადაღებულ კადრებში დანაშაულის ნიშნები არ ჩანს

geonews.ge

საპარლამენტო უმრალესობის წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებული კადრები არ ადასტურებს იმას, რომ ნორა თოდუა ვინმეს აიძულებდა ბიულეტენის ჩვენებას ან ვინმეს სთხოვდა #41-ის შემოხაზვას. როგორც კორძაიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, მისი, როგორც იურისტის შეფასებით, ამ კადრებში დანაშაულის ნიშნები არ ჩანს.

"მე ვნახე ეს კადრები, იქ ჩანს ერთი კადრი, როდესაც კომისიის წევრი მიდის და აჩვენებს ბიულეტენს, რა შემოხაზა, მაგრამ ეს კადრები თავისთავად არ ადასტურებს იმას, რომ ეს ქალბატონი ვინმეს აიძულებდა ბიულეტენის ჩვენებას, ან ვინმეს სთხოვდა #41-ის შემოხაზვას. მე ვფიქრობ, რომ თუ არსებობს ამაზე დაინტერესება, უნდა იქნეს გამოძიებული. რატომ აჩვენა მას ერთმა ადამიანმა ბიულეტენი, მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი. ეს ისეთი ფაქტია, რომლის გამოკვლევაც და სათანადო პასუხის გაცემაც არის შესაძლებელი; თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი, როგორც იურისტის შეფასებით, ამ კადრებში დანაშაულის ნიშნები ნამდვილად არ ჩანს. იმიტომ, რომ შეიძლება მე ჩემი ერთგულების დადასტურების მიზნით, თვითონ მივუტანო ვიღაცას და ვაჩვენო ბიულეტენი, თან ეს არ ყოფილა საჯაროდ, რომ ვინმეს აგიტაციაში ჩაეთვალოს. მივიდა და აჩვენა. ეს არის ძალიან ინდივიდუალური თემა. ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე მოდის ჩემთან ბიუროში და მეუბნება, რომ მე მომცა ხმა და ა. შ. შესაძლოა, ზუსტად ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა ნორა თოდუა ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენის ჩვენებას სთხოვს. ენმ-ის ინფორმაციით, ვიდეომასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის 97-ე უბანზეა გადაღებული, სადაც ნორა თოდუა საარჩევნო კომისიის წევრი იყო და "პირადად აკონტროლებდა, რომელ ნომერს ხაზავდა უბანზე მისული ამომრჩეველი".

სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ქმედებებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია სწავლობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, თუ კომისიის წევრების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დადასტურდა, შესაბამისი სანქციები უნდა გაიცეს.

კომენტარები