გიორგი მარგველაშვილი

ფანჯიკიძე: კლიმატის სამიტზე პირველი მოწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა

გაერო-ს კლიმატის სამიტზე 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

”25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როცა მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაერო-ს იმის თაობაზე, რომ ახლა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, ამას კიდევ დასჭირდა რამდენიმე კვირა. 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას 5 ივნისს გადაეგზავნა. მინდა ვთქვა, რომ ამ პერიოდში კიდევ შაბათ-კვირა იყო და, შესაბამისად, ამ მოწვევის მიღება არ დაგვიანებულა”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. ტელეკომპანიის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაერო-ში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ იორკში საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრებოდა.

კომენტარები