კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: მინისტრების დემონსტრაციული გადადგომები ატარებს საბოტაჟის ნიშნებს

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ამ ვითარებაში პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობების პირების უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციული დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს". ამის შესახებ ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ყოფილი წევრები პროცესს დამახინჯებულად წარმართავენ. მან მოუწოდა ყველას, "მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი, ქართველი ხალხის უსაფრთხოებასთან, მათ ევროპულ არჩევანთან და პერსპექტივასთან". 

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს.

"ეს არის ურყევი და ამ გზიდან გადახვევა გამორიცხულია. ეს არის ჩვენი ქვეყნის მტკიცე არჩევანი და ურყევი ნება. ვერავინ ვერ მოახერხებს, რომ საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ევროპული ორიენტაცია. ხალხის არჩევანით სპეკულირება არის გაუმართლებელი, მიუღებელი და ეს არის ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. 2012 წელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ნდობის მანდატი მისცა კოალიცია ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას. და სწორედ ჩვენ მიერ გაცხადებული კურსის და ღირებულებების გამო, მათ ეს ნდობის მანდატი კიდევ ორჯერ დაამტკიცეს. ეს არცერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსის და პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ იყო და ვერავინ ვერ გამოიყენებს ამ ნდობას საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის. ასეთი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფობრივი განცხადებებით საფრთხე ექმნება ჩვენს სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ ადგას. ამას ხაზგასმით ვაცხადებ. ასეთ უპასუხისმგებლო, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები, თავისუფალი დემოკრატების წევრები. ისინი არჩევანს აკეთებენ პიროვნებას და სახელმწიფოს შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს", - აცხადებს ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ "გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკური სარჩულით დაუშვებელია". მისი თქმით, "არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ობიექტურად დაწყებული გამოძიება წარიმართოს დამახინჯებულად და მოხდეს მისი პოლიტიზება".

"დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე 20 წლის წინ, ათი წლის წინ და თუნდაც ორი წლის წინ. სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და ეფექტურად. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა, პოსტი დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები