ენმ

კახიძე დაპირისპირებაზე: მეორე მხარეს მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდია

სერიოზული გამოხმაურება მოყოლია ჩემ სტატუსს ახალაიას ფლანგის ხსენებაზე.

ჯერ მინდა აღვნიშნო, რომ მე არ შემიფასებია ახალაიების საქმიანობის სამართლებრივი მხარე და წარსულზე არ მისაუბრია, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებიც პირდაპირ იშვერენ ხელს ენმ-ს ლიდერების მიმართ, სამიზნედ ჰყავთ ამოღებული გიგი, გიგა და ვანო. ისეთ კითხვარებს ადგენენ, ასავალ-დასავალის ჟურნალისტებს შეშურდებათ, წლებია, რაც ელისო კილაძე ვანოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა, ახალაიას ადვოკატი ამონტაჟებს ვიდეოებს, ცვლის სათაურებს და მაგრად წვალობს ჩემ წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად.

აქვე დავამატებ, რომ ახალაიები არაერთხელ საჯაროდ დამიცავს უმტკიცებულებო ბრალდებებისგან და ზოგადად, მგელი და ვაშლის თლა არ მაინტერესებს. მე ვსაუბრობ პარტიის შიგნით მიმდინარე, რეალურ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე.

ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი არ არის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალაიას პოზიციაც მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც, ახალაიას ადვოკატის განცხადებებს რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობს კამპანიას - ესეც ცხადია, გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის - ესეც ნათელია.

ნუგზარ წიკლაურმა ღიად თქვა, რომ თურმე "რასკოლნიკების" ფრთას სურს მიშას გარიყვა, ამიტომ აქედანაც ღიად უნდა ითქვას სიმართლე - რომ კი, პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა, ერთ მხარეს მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდი თანამოაზრეებით და მეორე მხარეს - ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდი თანამოაზრეებით.

ჩვენი მიზანი არის არა მიშას გარიყვა და მისგან გამიჯვნა, არამედ პარტიის ლიდერშიფის სრულფასოვნად დაკომპლექტება, განვითარება და ივანიშვილის დამარცხება.

ახალაიას ფლანგის მიზანიც ხელისუფლების შეცვლაა, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ ამის გამო თავმჯდომარის პოსტის ხელუხლებლად შენახვა არის აუცილებელი და ცდილობენ ისე დაუხატონ მიშას ვითარება, რომ თითქოს სკამი თუ არ დარჩა ცარიელი და თავმჯდომარეს თუ ავირჩევთ - მიშა ვეღარ იქნება ლიდერი და გაირიყება.

ამ საკითხზე უნდა იყოს დისკუსია და არა იმაზე, კუნინგის ტილოზე რას ფიქრობს ბოკერია, როგორ გაურიგდა უგულავა ციხიდან ივანიშვილს, როგორ ტარდებოდა ტენდერები კეზერაშვილის დროს და არის თუ არა ბედუკაძე ვანოს აგენტი - ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის დასაძირად ასავალ-დასავალის უბინძურესი მეთოდების გამოყენება.

ჭორაობის ნაცვლად, ვიკამათოთ მთავარ საკითხზე - პარტიის წინსვლისთვის აუცილებელია თუ არა თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად დატოვება და არის თუ არა ამ სკამზე დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი და პოლიტიკური წონა?

და ბოლოს - ზოგ-ზოგიერთს ნუ გიტყდებათ ახალაიას გუნდს როცა გიწოდებენ )) მე არ მიტყდება ადეიშვილის მოადგილე რომ ვიყავი, არც ბოკერიას გუნდელობის მრცხვენია და იმ 9 წელზე პასუხისმგებლობაც ყველას გვაქვს, კარგზეც და ცუდზეც, ზოგს მეტად და ზოგსაც ნაკლებად, მაგრამ მაინც ყველას

 

ოთარ კახიძე ფეისბუქზე ენმ-ში პოლიტიკურ ბრძოლაზე წერს

კომენტარები