ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი: რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას საარჩევნო სიის შედგენაში

კვირის 2030

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებით, ის აპირებს მიიღოს მონაწილეობა 2016 წლის წინაარჩევნო კამპანიაში, მათ შორის სიების შედგენაში. ამის შესახებ ექსპრემიერმა გადაცემა 2030-ში ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას. ძალიან აქტიურად ჩავერევი, კიდევ ერთხელ ვაცხადებ. მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რომ მან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ დღეს ისევ შეუცვლელია და ლიდერი უნდა იყოს. რამეთუ ის გზები, რაც გამოიკვეთა ჩვენი მოსვლის შემდგომ, ის ფასეულობები, რაც დავამკვიდრეთ, სჭირდება მას გაღრმავება და გამაგრება. აქედან გამომდინარე, მე ინტერესი მაქვს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ჩემთან ერთად მაქსიმალურად მოახერხოს მობილიზება და მივიღოთ შესატყვისი გადაწყვეტილებები“ - განაცხადა ივანიშვილა.

მისი თქმით, გუნდის გადახალისების მიზნით შეხვედრებიც ჰქონდა. ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ ამის უფლება აქვს და არავითარ კანონს არ არღვევს. ექსპრემიერი აქვე აღნიშნავს, რომ პარლამენტში საჭიროა ისეთი ადამიანების შესვლა, ვინც ორიენტირებული იქნება კანონწარმოებაზე.

„ძალიან ბევრისთვის, პარლამენტი, თვითონაც ნახეს, საზოგადოებაც უყურებს და მეც ვუყურებ, რომ არ არის ის ორგანო, რომ მათ მაქსიმალურ რეალიზებას მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობლების. გუნდმა უნდა მოახერხოს გადახალისება. ოღონდ არა იმის საფასურად, რომ ისინი დარჩნენ გუნდის მიღმა. გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა ნახოს თავისი ადგილი გუნდში. ამავდროულად, პარლამენტი უნდა გადახალისდეს უფრო მეტად ისეთი ხალხით, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან კანონწარმოებაზე“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არცევნებისთვის კოალიციის დაშლის აუცილებლობას ვერ ხედავს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, "დრამატიზება ამას არ სჭირდება". მისივე თქმით, ერთად თუ ცალ-ცალკე, ქართული ოცნება "განწირულია მოგებისთვის".

კომენტარები