საქართველოს ეროვნული ბანკი

კობახიძე: ეროვნული ბანკი გასუფთავდა – სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის საგამონაკლისო ბრძანებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძის გამო ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სამივე მოადგილე გადადგა. კობახიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი "გასუფთავდა".

კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნასაც უპასუხა, რომ სებ-ის ეს ბრძანება ბათილად იქნას ცნობილი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, მმართველ გუნდსა და ეროვნულ ბანკს სურთ, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეების დასანქცირების პრევენცია მოხდეს.

"ოპოზიციაში ჯერ ამბობდნენ, რომ ეს მთლიანად ფარცხალაძეზე იყო მორგებული. ახლა, როცა ფარცხალაძეს აღარ შეეხება, ახალი რაღაც მოიგონეს. აქედან ხომ ჩანს, რომ მათი ყველა სიტყვა ტყუილია. გუშინ არაფრისგან ჭიქაში ქარიშხალი შექმნეს.

საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ - ერთი, რომ იმ სიიდან ეს სანქციები, პრაქტიკულად, 150-ივე კაცზე ვრცელდება. არაფერს არავითარი პრობლემა არ ექმნება, არც საბანკო სექტორს, არც ზოგადად საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს. ეს საკითხი დამთავრდა, ამოიწურა და ეს ყველაფერი ასე დაჯდა. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია შემოიღეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ დაირღვევა. ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა. ამ ყველაფრისგან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო. არის ასეთი გამოთქმა, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ 1-დღიანი ჭირის დატრიალება სცადა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრით საკუთარი თავი დაისაჯეს". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები