სომხეთ-აზერბაიჯანი

ეთნიკური სომხების პირველი ჯგუფი ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა

REUTERS

24 სექტემბერს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციიდან რამდენიმე დღეში, რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის პირველი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა.

აზერბაიჯანმა ამ კვირის დასაწყისში კონტროლი აღადგინა ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 120 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა და აცხადებს, რომ მათი, როგორც "თანასწორი მოქალაქეების" ხელახალი ინტეგრაცია სურს.

სომხეთის მთავრობამ კი მოსახლეობა იმის შესახებ გააფრთხილა, რომ ისინი, შესაძლოა, ეთნიკური წმენდის წინაშე აღმოჩნდნენ.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი ე.წ. ლიდერის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დავიდ ბაბაიანმა Reuters-ს უთხრა, რომ თითქმის ყველა დატოვებს ყარაბაღს, რადგან მის ხალხს "არ სურს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება, 99,9%-ს ურჩევნია დატოვოს ჩვენი ისტორიული მიწები" და დასძინა, რომ "ჩვენი ღარიბი ხალხის ბედი ისტორიაში შევა, როგორც სირცხვილი სომეხი ხალხისთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის".

ეთნიკური სომეხი ლიდერები ამბობენ, რომ ათასობით ადამიანი საკვებისა და თავშესაფრის გარეშეა და სარდაფებში, სკოლის შენობებსა და ღია ცის ქვეშ სძინავს.

თავის სატელევიზიო მიმართვაში სომხეთის პრემიერმინისტრმა ასევე მიანიშნა, რომ რუსეთი მის დასაცავად კონფლიქტში არ გამოსულა.


24 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვაში სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთისთვის რუსეთთან დადებული უსაფრთხოების შეთანხმებები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა არაეფექტიანია

"საგარეო უსაფრთხოების სისტემა, რაშიც სომხეთი არის ჩართული არაეფექტიანია, როდესაც საქმე ეხება სომხეთის უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვას" - თქვა ფაშინიანმა.

მან ასევე დაამატა, რომ სომხეთის მთავრობა ემზადება 120 000 ეთნიკური სომეხის მისაღებად მთიანი ყარაბაღიდან. 

კომენტარები