ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულ ჩოკუტაევზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულ ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ამ დროისთვის, სამინისტრო პროკურატურასთან ერთად ინტერპოლისთვის მასალებს ამზადებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ ჯიჰადის ვიდეოს საქმე გახსნილად 3 ოქტომბერს გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. 

"საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი არის მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტი და დანაშაული მან საქართველოს არაკოტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდინა, კერძოდ, 2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები