ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე

შსს: სამარ ჩოკუტაევს ინტერპოლი ეძებს

შსს-ს ინფორმაციით, ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორ სამარ ჩოკუტაევზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლს მასალები დაახლოებით 2 კვირის წინ გაეგზავნა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე გახსნილად 3 ოქტომბერს გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია. ის ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. 

"საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი არის მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტი და დანაშაული მან საქართველოს არაკოტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდინა, კერძოდ, 2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - აცხადებს შსს. 

სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 11 ოქტომბერს ამბობდა, რომ სამარ ჩოკუტაევზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა უახლოეს მომავალში გამოცხადდებოდა.

"ამ დროისთვის, სამინისტრო პროკურატურასთან ერთად ინტერპოლისთვის მასალებს ამზადებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა 11 ოქტომბერს.

კომენტარები