ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე

ალასანია: როცა ბინის ქურდს აკავებენ, დაზარალებულს ეუბნებიან, რომ საქმე გაიხსნა

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ ადასტურებს, რომ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოსთან დაკავშირებით მასსა და შს მინისტრ ღარიბაშვილს შორის გაუგებრობა, კომუნიკაციის ნაკლებობა ან შიდა კონკურენცია იყო. ალასანიას თქმით, თავდაცვისა და შს სამინისტროებს შორის სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი წვრთნები რეგულარულად მიმდინარეობს. ასევე პროდუქტიულად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახური და თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან ყველა დონეზე მუშაობა და ურთიერთქმედება ძალიან მაღალია.

"აქედან გამომდინარე, ალბათ შესაძლებელია, ხელმძღვანელების დონეზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იმდენად დალაგებული და იმდენად კარგია კოორდინაცია, რომ ასეთი გამოძიების დეტალები უნდა სცოდნოდა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს. როდესაც ბინის ქურდს აკავებენ, ელემენტარულად, მსხვერპლსაც, დაზარალებულსაც ატყობინებენ, რომ საქმე გაიხსნა. იქიდანაც, რომ ასეთი წარმოდგენები შეიქმნა საზოგადოებაში, ჩვენ არაერთხელ გვქონდა მინისტრთან, ბატონ ირაკლისთან საუბარი და აქედან ჩვენ დასკვნები გავაკეთეთ. ბუნებრივია, ის პერიოდი, როდესაც გარკვეული კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში, ჩვენთვის უკვე ამოწურულია", - თქვა ალასანიამ.

ალასანიას განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო სამსახურმა ჩათვალა, რომ "რაღაც ინფორმაცია, რაღაც პერიოდი შეენახა". თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მისთვის ე.წ.ჯიჰადის ვიდეოს საქმის შესახებ უფრო მეტი დეტალია ცნობილი, ვიდრე საზოგადოებამ იცის. 

"ჩვენ ვართ ერთი გუნდი მთავრობაში და ყველა საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ასეთ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხი და სცენარებიც გაგვაჩნია", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები