ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე

სესიაშვილი ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე: დიდი ვარაუდით, ორგანიზებული დანაშაულია

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ე.წ.ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე თქვა, რომ, დიდი ვარაუდით, ეს ორგანიზებული დანაშაული იყო. ამის შესახებ მან გადაცემა ფოკუსში ისაუბრა.

”სანამ გამოძიება არ დასრულდება,მე გამიჭირდება, რომ კონკრეტულად ვთქვა, რომ ამ დანაშაულის უკან იდგა კონკრეტული ქვეყანა ან ჯგუფი, მაგრამ დიდი ვარაუდით, ეს იყო ორგანიზებული დანაშაული. შესაძლებელია, ეს ყოფილიყო რუსული პრესსამსახური; შესაძლოა, ეს ყოფილიყო ისლამისტური ექსტრემული ჯგუფები და შეიძლება, ეს ყოფილიყო კიდევ სხვა ძალები, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.” - ამბობს სესიაშვილი.

სესიაშვილის თქმით, შესაძლოა, ვიდეო მოემზადებინათ იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.

”შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ამის უკან შესაძლებელია იდგნენ ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. რომლებიც ცდილობენ, ჩვენს მოსახლეობაზე განახორციელონ ფსიქოლოგიური ტერორი, იმისათვის, რომ ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ ISAF-ის სამხედრო ოპერაციაში. კონკრეტულად, რა თქმა უნდა, დასახელება გამიჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ პრევენციულად მოვახერხეთ და დარტყმა მივაყენეთ იმ პირებს, რომლებმაც მომავალში შეიძლება გაიაზრონ და იფიქრონ, რომ მსგავსი ტიპის ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელონ ჩვენს საზოგადოებაზე და ჩვენს ქვეყანაზე”, - თქვა სესიაშვილმა.

სესიაშვილმა ასევე თქვა, რომ დამნაშავის მიერ კვალის არევის მიზანი, შესაძლოა, პოლიტიკურიც ყოფილიყო.

”ზოგადად,ნებისმიერი კიბერკრიმინალი ცდილობს,რომ გამოძიებას გზა-კვალი აურიოს და ამით ერთის მხრივ დაამტკიცოს, თავისი ჰაკერული შესაძლებლობები , მეორეს მხრივ კი, თავი დააღწიოს პასუხისგებას. ამიტომ მე ვფიქრობ,რომ კვალის არევა ეფუძნებოდა ამ ორ პრინციპს. ასევე შესაძლებელია, პოლიტიკური მიზანიც ყოფილიყო , რომ ჩვენს საზოგადოებაში ვინმეს ეფიქრა, რომ ამ ყველაფრის უკან ხომ არ იდგა რომელიმე ქართული ძალა. პოლიტიკური ან არაპოლიტიკური ეს მეორე საკითხია.” - თქვა სესიაშვილმა.

გადაცემაში ირაკლი სესიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის, რომ თავდაცვის სამინისტრომ ერთი თვის წინ გახსნილი საქმის გახსნის შესახებ მხოლოდ 2 დღის წინ შეიტყო, მინისტრებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია. ”შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ძალიან ბევრ საქმეს იძიებს და ყველა საქმესთან დაკავშირებით მინისტრები ერთმანეთს ანგარიშს ვერ ჩააბარებენ”, - თქვა სესიაშვილმა გადაცემა ფოკუსში. 

კომენტარები