საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

საია: მთავარი პროკურატურის განცხადებას დამაჯერებლობა აკლია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის შეფასებით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის განცხადება არადამაჯერებელია. მისი თქმით, საეჭვოა, რამდენიმე დასაქმებულ პირს სამსახურიდან წასვლის სურვილი ერთად გაუჩნდეს, თუ ამის მიღმა მნიშვნელოვანი მიზეზი და გარემოება არ იმალება.

"მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება დამაჯერებლობას მოკლებულია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომ უწყებიდან თანამშრომლებს ზეწოლის შედეგად ათავისუფლებენ და მათ პირადი განცხადების დაწერას აიძულებენ. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ გუშინ განცხადებაც გავავრცელეთ, რომელშიც შესაბამისი პირების სახელები და გვარებიცაა მოცემული. საეჭვოა, ერთდროულად რამდენიმე თანამდებობის პირმა დაწეროს სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადება, თუ ამის მიღმა არ არსებობს მნიშვნელოვანი გარემოება და მიზეზი", - განაცხადა ეკა ფოფხაძემ და მთავარ პროკურატურას მოუწოდა, გამჭვირვალე გახადოს უწყებაში მიმდინარე პროცესები.

"ყველამ კარგად ვიცით, პროკურატურის გასული წლის საქმიანობა დადებითად არ შეფასებულა. თუ ამ კუთხით გამოიკვეთა კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვა და არა მუქარა, დაშინება და ულტიმატუმის წაყენება ადამიანებისადმი, რომ თავად დაწერონ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა, რომელიც კანონის დაცვას ზედამხედველობს, თვითონ დაიცავს კანონს და გახდის საჯაროს და გამჭვირვალეს იმ პროცესებს, რაც უწყებაში მიმდინარეობს", - აღნიშნა ეკა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 11 დეკემბრის განცხადებით, მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ, პროკურატურის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც საია-ს დირექტორმა კახა კოჟორიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე თქვა, დაზარალებულებმა არასამთავრობო ორგანიზაციას თავად მიმართეს. კოჟორიძის თქმით, ისინი ამბობენ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

დღეს, საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა ორგანიზაციაში მიმდინარე საკადრო გადაადგილებები, თუმცა უარყო თანამშრომლებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი. პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეხვდა პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს. მათ შორის გაიმართა ღია საუბარი, რომელზეც განხილულ იქნა სამომავლო ხედვა, გეგმები და შესაძლო საკადრო გადაადგილებები. ნაწილ თანამშრომელთა მიმართ განხორციელდა საკადრო როტაცია, ხოლო ხელმძღვანელი პირების ნაწილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვების შესახებ.

"რაც შეეხება ბრალდებას, არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად საქმიანობის პერიოდში დანიშნული პროკურორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამჟამად სისტემაში საქმიანობას აგრძელებს 179 პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად 21 ნოემბერს დაინიშნა. იმავე დღეს დაკმაყოფილდა თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილის განცხადება  თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, რომლითაც მან არჩილ კბილაშვილს 20 ნოემბერს მიმართა. 

რამდენიმე დღეში, აჭარის საოლქო პროკურორის პოსტზე შოთა ტყეშელაშვილმა ლევან გზირიშვილი შეცვალა.

უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ახალი პრემიერმინისტრი ცდილობს გააკონტროლოს ძალაუფლების ყველა წერტილი, მათ შორის - პროკურატურა. დეპუტატის თქმით, მაღალი ალბათობით, პროკურატურის თანამშრომლებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებით ჩაანაცვლებენ, რაც, მისი შეფასებით, არ არის კარგი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით კი, პროკურატურაში ცვლილებები ძალიან ბუნებრივი პროცესია.

 

კომენტარები