ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

სააკაშვილი: ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წართმევით მომავალს გვართმევენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის გაყიდვას უსინდისობას უწოდებს. ბრალდებას, რომ უნივერსიტეტის პროექტი, თავის დროზე, თავად ამერიკელებმა დაიწუნეს, ექსპრეზიდენტი უარყოფს და მათ, ვინც ამას ამბობს, ჩვეულებრივ მატყუარებს უწოდებს.

“ამ შენობას რომ შეხედავ და იტყვი არ ვარგა და ოდიოზურიაო, როგორც მარგველაშვილს ათქმევინა ივანიშვილმა, სინდისი ხომ უნდა გქონდეს”, - აშნიშნა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

სააკაშვილის თქმით, ბათუმში მსოფლიო კლასის უნივერსიტეტის შექმნას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და შენობის გაყიდვით ბათუმს იმ ძალას ართმევენ, რომელიც არასაკურორტო სეზონის დროს ქალაქის მამოძრავებელი უნდა ყოფილიყო.

„დღეს ბათუმს ართმევენ უნივერსიტეტს, რომელიც ბათუმის მამოძრავებელი ძალა უნდა ყოფილიყო არასაკურორტო სეზონის დროს. ქუთაისს ართმევენ პარლამენტს, თბილისს - ძირითად ინფრასტრუქტურას, სამეგრელოს და საქართველოს წაართვეს ლაზიკა. თუ საყდრისის აფეთქებით წაგვართვეს წარსული, მასობრივად გვართმევენ მომავალსაც”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ბათუმში იქმნებოდა უნივერსიტეტი, რომელიც საუკეთესო ქართველ სპეციალისტებს მოიზიდავდა და სადაც ნიჭიერი ახალგაზრდების უმრავლესობა უფასოდ მიიღებდა განათლებას.

“ჩვენ ბათუმში ვქმნიდით მსოფლიო კლასის უნივერსიტეტს, ქართულ ტექნოლოგიურ უნივერსტეტს, სადაც ქართველების 80%, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები, ისწავლიდნენ უფასოდ. ესეთი იყო ჩვენი შეთანხმება ამერიკელებთან. ეს უნივერსიტეტი მოიზიდავდა საუკეთესო ქართველ სპეციალისტებს”, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს პროვინციელ დიქტატორად მოიხსენიებს და მიიჩნევს. მისი თქმით, განათლებული საზოგადოება ყველა პროვინციელი დიქტატორისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“ივანიშვილისთვის განათლებული ხალხი არის საფრთხე, როგორც ყველა პროვინციელი დიქტატორისთვის. იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება მეორედ აღარ აირჩევს იმ ადამიანს, ვინც დაპირდება ყველაფერს უფასოდ, რომელიც დაპირდება რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის და სინამდვილეში შეცვლის, რომელიც მზად არის რომ უსაშველოდ იტყუებოდეს, ოღონდ თავის ინტერესებს მიაღწიოს”, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

კომენტარები