მკვლელობა ვაკეში

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

Getty Images

დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ნათობაძისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

1981 წელს დაბადებული ბადრი ნათობაძე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები