ხანძარი რუსეთში

კაცმა, რომელმაც ხანძრისას ოჯახის 5 წევრი დაკარგა, პუტინის გამართლება დაიწყო

МБХ медиа

იგორ ვოსრტიკოვმა რუსეთის ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის დროს მთელი ოჯახი დაკარგა - და, ცოლი და სამი შვილი სავაჭრო-გასართობ ცენტრში 26 მარტის ხანძრის დროს დაიღუპნენ. 


ფოტო: VK.COM

მათთან ერთად ხანძარს, სულ მცირე 64 ადამიანი შეეწირა, მათგან 41 ბავშვია. ეს ოფიციალური ინფორმაციაა, რუსული მედიის ნაწილი წერს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მეტიც იყოს.

ტრაგედიის შემდეგ კემეროვოში აქცია გაიმართა - დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და სხვა მოქალაქეებმა ადგილობრივი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, რადგან მათ საფრთხეში მყოფი ადამიანების გადარჩენა ვერ შეძლეს. ვოსრტიკოვი ​იყო პირველი, რომელმაც ადამიანებს აქციის ჩატარებისა და პროტესტისკენ მოუწოდა.  

"მეხანძრეები იდგნენ და უყურებდნენ, არაფერს აკეთებდნენ. არც ჩვენ შეგვეძლო რამის გაკეთება - შიგნით არ გვიშვებდნენ, არც თავად აკეთებდნენ რამეს. ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზე ძალიან გვიან მოვიდა. ", - ამბობდა იგორ ვოსრტიკოვი ​. 

ის ყვებოდა, რომ როდესაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა, ხალხი გასასვლელისკენ გაიქცა - ამ დროს კარი ღია იყო, თუმცა მოგვიანებით დაკეტილი აღმოჩნდა. ასევე ამბობდა, რომ მეხანძრეები ადგილზე ცეცხლის გაჩენიდან 40 წუთში მოვიდნენ. კოსტიკოვის თქმით, ხალხი ხმას ვერ იღებს, რადგან ამის გამო შესაძლოა სამუშაო ადგილები დაკარგონ. 

ვოსრტიკოვმა ​რუსულ სოციალურ ქსელში "ვკონტაკტე" ვიდეომიმართვაც ჩაწერა. მან ადგილობრივ მთავრობასთან ერთად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გააკრიტიკა და სისტემას კორუმპირებული უწოდა. 

ვოსრტიკოვის განცხადებებს კემეროვოს გუბერნატორმა პიარ-სვლა უწოდა და თქვა, რომ ის ამას ქულების დასაწერად აკეთებდა, რასაც ვოსრტიკოვის ​წინააღმდეგობა მოჰყვა. 

იგორ ვოსრტიკოვი ​კემეროვოს ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. თუმცა, ხანძრიდან რამდენიმე დღის შემდეგ მან ჩვენება შეცვალა, ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტა და პირიქით, მისი გამართლება დაიწყო. 

მან თქვა, რომ სამი დღის განმავლობაში არასწორ აქცენტებს აკეთებდა და რომ ეს"მაიდანშიკების" ბრალია. ვოსრტიკოვმა ​კემეროვოს მცხოვრებლებსაც მოუწოდა, აქციები აღარ ჩაატარონ.   

"საინიციატივო ჯგუფს აქცენტი საგანგებო სიტუაციების სამსახურზე უნდა გაეკეთებინა, "მაიდანშიკებმა" კი სხვა მიმართულებით წაგვიყვანეს. ადმინისტრაცია და პუტინი ამიტომ გავაკრიტიკეთ. კითხვები საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიმართ არსებობს. პუტინი არ არის დამნაშავე ტოტალურ ბიუროკრატიაში. ის არა პრეზიდენტი, არამედ მეფეა და ეს კარგიც არის, იმიტომ, რომ ხელისუფლება ძლიერი უნდა იყოს", - თქვა ვოსტრიკოვმა. 

კომენტარები