13 ივნისი

კალაძე 13 ივნისზე: ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს, ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას

თბილისის მერია

"მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას," - დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის 13-14 ივნისს, დედაქალაქში მომხდარი სტიქია გაიხსენა.

„დღეს 13 ივნისია და არ გვაქვს უფლება, არ გავიხსენოთ ის, რაც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ის დღეები, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ. შესაძლებელია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, შესაძლებელია, რომ რაც დაინგრა აღდგეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ახალგაზრდებს მიმართა და უსურვა, რომ ერთობა, რომელიც მათ 13- 14 ივნისის სტიქიის დროს აჩვენეს, არასდროს დაეკარგოთ. 

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების სოლიდარობა, ერთობა იმ დღეებში. ყველა ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, როგორი იყო თანადგომა და როგორ ვმუშაობდით, ვაკეთებდით იმას, რომ მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ მართლაც საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებ, რომ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლებს რამდენიმე დღის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ამ მიმართულებით, დარჩენილი პრობლემების დროულად გადაჭრა დაავალა.

კომენტარები