საქართველოს რკინიგზა

TI – საქართველოს რკინიგზის 184 მილიონიანი ტენდერი სავარაუდოდ რუსულ კომპანიებზეა მორგებული

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, საქართველოს რკინიგზამ ელმავლების შესაძენად 184 მლნ ლარიანი, სავარაუდოდ რუსულ კომპანიებზე მორგებული ტენდერი გამოაცხადა.

"მასში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ" - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით ირკვევა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიები ვალდებულები არიან წარმოადგინონ შემოთავაზებულ საქონელზე გაცემული “НБ ЖТ ЦТ 04-1998” ან “ТР ТС 001/2011”-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი („უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე. ელმავლები. სერტიფიცირების მოთხოვნები“ ან „საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა“), რომელიც გაცემული უნდა იყოს თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ) სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს რეესტრით გათვალისწინებული აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ". 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თქმით, სატენდერო პირობებში მოცემულ საბაჟო კავშირში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მასში შედიან: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით საქართველოს რკინიგზამ ფაქტობრივად დაავიწროვა  ელმავლის მწარმოებელი ქვეყნების წრე, ამასთან, აღნიშნული ტენდერი პირდაპირ არღვევს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-2 მუხლს, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან ფაქტობრივად რუსულ სერტიფიკატს ითხოვს. 

კომენტარები