ნიკა მელია

მელია: სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

სააკაშვილს რაც შეეხება, გულწრფელად გპასუხობთ აქაც. არ ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს, ან არ მქონია და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია წინა წლებშიც. უბრალოდ მორალურად კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, როდესაც ოთხ კედელშია ადამიანი. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს, ათასობით ადამიანს დაუსვამს ეს კითხვები სხვადასხვა სივრცეში, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო მის გარეშე? ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მასზე არ მესაუბრა და ამ სურვილის თანმიმდევრული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, რომ ის არის ოთხ კედელში. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათ, ჩვენ მხარდამჭერს ან პოტენციურ ამომრჩეველს, აქვთ ეს კითხვა და თვეებია ამას სვამენ: შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ორი პასუხია ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღები, მაგრამ ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება ჩემი პასუხები თქვენს კითხვებზე. და მორალურად გამიადვილდება. ჩემთვის მორალური პოლიტიკა მნიშვნელოვანია, ჩემთვის ზნეობრივი პოლიტიკა მნიშვნელოვანია.

[...] არ ნიშნავს, რომ მასთან [მიხეილ სააკაშვილი] დაკავშირებით კითხვები არ მაქვს - მაქვს, ბუნებრივია და პირველ რიგში, ეს კითხვები დაისმება მას შემდეგ, როცა მექნება [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი - ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად.

ამბობს ნიკა მელია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კომენტარები