სტრასბურგის სასამართლო

დოლიძე ჭანტურიაზე: მის წესიერებასთან დაკავშირებით, პრობლემა არავის უნდა ჰქონდეს

ტაბულა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის წესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა ამისკენაა მოწოდებული. კი, სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩავარდა [კანდიდატები], მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარიმართა სწორად, ბევრად უკეთ, ვიდრე წინა და, ალბათ, ამიტომაც მოხდა ბოლომდე მიყვანა. ახლა მთავარია, რომ ავარჩიოთ შესაბამისი კანდიდატები,"- ამბობს დოლიძე.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა ერთერთი შერჩეული კანდიდატი ლადო ჭანტურია მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი, დოლიძე ამბობს, რომ წესით, არავის უნდა ჰქონდეს კითხვა ჭანტურიას "წესიერებასთან დაკავშირებით".

"ლადო ჭანტურია, თქვენ გახსოვთ, იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მე ლადო მასწავლიდა უნივერსიტეტში და მის მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალურ თვისებებთან დაკავშირებით, პრობლემა, მე მგონი, არავის არ უნდა ჰქონდეს და მის წესიერებასთან დაკავშირებით. ჩემთვის ერთერთი გამოკვეთილი კანდიდატია,"- ამბობს ვიქტორ დოლიძე.

ლადო ჭანტურია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩია 2014 წლის 19 თებერვლიდან. ის 1997-2004 წლებში საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი იყო, 1998-99 წლებში იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1999-2004 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჭანტურია 2004-2013 წლებში საზღვარგარეთ სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობდა.

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ 68 მსურველიდან 5 კანდიდატი შეარჩია, რომელთაც მთავრობას წარუდგენს. მთავრობა მათგან 3-ს გამოარჩევს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტს წარუდგენს, რომელიც საბოლოოდ ერთ კანდიდატს აირჩევს.

დღეისათვის კი 5 კანდიდატია ცნობილი. მათ შესახებ მოკლე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომენტარები