ისრაელი და პალესტინა

ისრაელის პრემიერმინისტრი Al Jazeera-ს ოფისის დახურვით ემუქრება

Medium

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყატარული ტელეარხი Al Jazeera-ს იერუსალიმში მდებარე ოფისის დახურვას ითხოვს. ისრაელის ლიდერი განმარტავს, რომ ის უკმაყოფილოა ტელეკომპანია Al Jazeera-ს მიერ ტაძრის მთასთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებისა და მასთან წარმოშობილი კონფლიქტის გაშუქებით.

"Al Jazeera აგრძელებს ძალადობისკენ მოწოდებას. მე უკვე რამდენჯერმე მოვუწოდე ისრაელის სამართალდამცავებს, რომ დაეხურათ ალჯაზირას ოფისი იერუსალიმში. თუ ეს არ მოხდება იურიდიულ საფუძველზე, მაშინ მე ვიმუშავებ კანონზე, რათა Al Jazeera გავაძევო ისრაელიდან," - წერს ნათანიაჰუ Facebook-ის პირად გვერდზე.

ისრაელის ხელისუფლებამ ალ-აქსას მეჩეთთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება 14 ივლისს მიიღო, მას შემდეგ, რაც 3-მა შეიარაღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 2 ებრაელი სამართალდამცავი ემსხვერპლა. აღნიშნულ ადგილას ხელისუფლებამ მეტალოდეტექტორები დაამონტაჟა. ფაქტს პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის მასობრივი შეტაკებები მოჰყვა.

კომენტარები