შრი-ლანკა

შრი-ლანკაზე სიკვდილით დასჯის აღდგენის შემდეგ ჯალათების ვაკანსიები გამოაქვეყნეს

Reuters

შრი-ლანკაზე სიკვდილით დასჯა აღადგინეს. ახლა მსგავსი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ჯალათებს ეძებენ. ვაკანსიები გაზეთებშიც გამოქვეყნდა.

კანდიდატი 18-დან 45 წლამდე შრი-ლანკელი კაცი უნდა იყოს "შესანიშნავი მორალით" და "ძლიერი გონებრივი და მენტალური ჯანმრთელობით".

შრი-ლანკაში სიკვდილით დასჯა ბოლოს 1976 წელს მოხდა. ბოლო ჯალათმა პოსტი 2014 წელს დატოვა. მას სიკვდილით არავინ დაუსჯია. მკვლელობა, გაუპატიურება, ნარკოტრეფიკინგი და ნარკოტიკების გასაღება სიკდვილით დასჯად დანაშაულებებად მიიჩნევა, თუმცა ამ დრომდე ამისათვის სამუდამო პატიმრობას უსჯიდნენ. გასულ კვირას კი პრეზიდენტმა მაითრიპალა სირისენამ პარლამენტში განაცხადა, რომ ორი თვის შემდეგ ნარკოდანაშაულში ბრალდებულების სიკვდილით დასჯა აღდგება.

სირისენამ ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს ნარკოტიკებთან ომი შეაქო და სამაგალითო უწოდა. დუტერტეს ბრუტალური კამპანიის შედეგად ფილიპინებზე 5,000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის არასრულწლოვნები.

სირისენას გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დამცველების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები