საქართველოს პარლამენტი

პარლამენტს კვაჭანტირაძის გადაყენება მეორედ უნდა ეცადა, მან თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა

ტაბულა

მანამ, სანამ საქართველოს პარლამენტი დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს კენჭს ხელმეორედ უყრიდა, ქართული ოცნებიდან გასულმა დეპუტატმა თავად გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება. 

"მეორედ გამომაქვს საკითხი, უფრო სხაპასუხით მოვყვები გაკვეთილს " - თქვა ირაკლი კობახიძემ საკითხის კენჭისყრაზე გამოტანისას, რის შემდეგაც სიტყვა ზვიად კვაჭანტირაძემ ითხოვა.

"პატივცემულო კოლეგებო, როდესაც კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და ეგრევე გავაკეთე განცხადება, რომ გადავწყვიტე, თვითონ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა ბიუროზე, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ხელმოწერილი განცხადება, თუ გნებავთ, ამ განცხადებას ახლავე გადმოგცემთ. ასე რომ მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, უღრმესი მადლობა, ვინც თქვენი სინდიდისთ იხელმძღვაბელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ.

ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან" - თქვა კვაჭანტირაძემ, რის შემდეგაც, კენჭისყრის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

პირველი კენჭისყრით პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა. "67 მომხრე, 8 - წინააღმდეგი" - ასეთი იყო შედეგები. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. 

ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა - ცოტნე ზურაბიანი, რატი იონათამიშვილი და ლევან კობერიძე. ამასთან, სხდომას არ ესწრებოდა 74 დეპუტატი, მათ შორის 34 - უმრავლესობის წევრი. მოგვიანებით, ქართული ოცნების დეპუტატებმა "ტექნიკურ ხარვეზებზე" ისაუბრეს და კენჭისყრის ხელახლა ჩატარება მოითხოვეს.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი უმრავლესობამ დააყენა. ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ოფისში 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძის თავმჯდომარეობის პერიოდში, დიასპორის კომიტეტი წარმატებული არ იყო.

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა თებერვლის ბოლოს დატოვა.

კომენტარები