საქართველოს პარლამენტი

წულუკიანი ბოკუჩავას: ვასწორებ ჩემ გამოსვლას, თქვენ ხართ ლამაზი და განათლებული ქალი 

თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ენმ-ს დეპუტატს თინა ბოკუჩავას პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

წუუკიანის თქმით, "არ იყო კარგი" მისი გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ "ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია".

"მე თქვენზე გუშინ ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადება, ვაღიარებ. მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას. მაგრამ ამის სანაცვლოდ, თქვენ დამპირდით, მითხარით, რომ ჩემმა ლიდერმა უხამსობები თქვა გენდერული ნიშნითო. სააკაშვილი არის უხამსი კაცი, რომელმაც ჩემზე გენდერული ნიშნით ანეკდოტები მოყვა და თქვენ თქვით, რომ როცა ჩემი ლიდერი თქვენ თავს დაგესხმევათ, დაგიცავთო. ახლა მე ვითხოვ, რომ თქვენ მე დამიცავთ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმევა გენდერული ნიშნით",- ამბობს წულუკიანი. 

ბოკუჩავამ 20 მარტს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენდნენ, წულუკიანს ჰკითხა, რითი დააშანტაჟა ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღით ადრე პირდაპირი ეთერით, როდესაც მან თქვა, რომ თუკი რაღაც ისე არ იქნება, როგორც მას სწორად მიაჩნია, ის თანამდებობას დატოვებს. მაშინ წულუკიანი არ გადადგა. 

თეა წულუკიანმა სესიაზე ბოკუჩავას კითხვა ერთხელ გამოტოვა, ხოლო მეორედ არ უპასუხა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბოკუჩავა ლამაზი ქალია. 

"მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და აკეთებს კიდეც ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები?" - უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს. 

საპასუხოდ, ბოკუჩავამ თქვა, რომ თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია, რადგან იგივე კითხვა რომ კაც დეპუტატს დაესვა, იუსტიციის მინისტრი მის გარეგნობაზე აქცენტს არ გააკეთებდა. 

"გავიგეთ, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს იგივე შინაარსის კითხვა რომ კაც დეპუტატს დაესვა, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას იმ დეპუტატის გარეგნობაზე," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

კომენტარები