გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

სუს-ი მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებას კვლავ უარყოფს

0 კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ უარყოფს, რომ 17 ივნისს, გვიან ღამით მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. 

ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ თავდაპირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაცია 12 ივნისს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვის საქმეს უკავშირდებოდა. თავის მხრივ, ბოკოვი, მთავარი არხისა და ფორმულას ინფორმაციით, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. საზმაუ წერდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. 

თავდაპირველად ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია არ მიმდინარეობდა და რომ უწყება დაუკავშირდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა მედიას მასალა ვებგვერდიდან აეღო. მოგვიანებით იგივე ინფორმაცია რუსთავი 2-მაც გაავრცელა. 

ადგილზე მისულ მედიას, მათ შორის, ტაბულას რეპორტიორს, მოსკოვის გამზირზე მრავალი სამართალდამცველი დახვდა, რომლებიც მედიასთან კომენტარს არ აკეთებდნენ. რამდენიმე მედიის მიერ ინფორმაციის პირდაპირ ეთერში გადაცემის შემდეგ კი ტაბულას სუს-ის პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ადგილზე არა სპეცოპერაცია, არამედ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. სუს-ში ასევე გვითხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბოკოვს არ უკავშირდება. 

რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვა-გამოყენებაა. 

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხისვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს. 

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა. 

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები