საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

მინსკის ტურნირზე საპრიზო ადგილს ვერ შევწვდით, მაგრამ ზარანდია საუკეთესოდ აღიარეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ლიტვასთან წააგო და საპრიზო ადგილს ვეღარ შეწვდა.. 

გიორგი დევდარიანის ფეხბურთელები ლიტვის 17-წლამდელთა ნაკრებთან კარგად გამოიყურებოდნენ, უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა მოწინააღმდეგემ თამაში კონტრშეტევებზე ააგო და გოლები სწორედ ასე გავიდა. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი იტყობინება, ქართველთა მასირებულ შეტევებს ლიტველთა გოლები მოყვა და შედეგად 0:3 დავმარცხდით.

მინსკის ტურნირზე წარმატებული გამოსვლით ცნობილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, წლეულს ვერ გაიბრწყინა, თუმდა ჯვაროსნებს წინ ელიტრაუნდი ელით და სწორედ იქ კარგად გამოსვლაა უმთავრესი.

გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ბოლო მატჩი მოლდოვის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 4:2 დაამარცხეს. ქართველთაგან დუბლი შეასრულა გრიგოლ ჩაბრაძემ, თითო გოლი კი რომან ჭანტურიამ და ლუკა ზარანდიამ გაიტანეს.

საბოლოოდ, მინსკის ტურნირის გამარჯვებული ბელგიის ნაკრები გახდა. ბელგიელებმა ძირითად დროში 0:0 ითამაშეს რუსეთის ნაკრებთან, თუმცა პენალტების სერიაში იყოჩაღეს და დამსახურებულად მოიგეს.

ძალიან სასიამოვნოა, რომ მინსკის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად ქართველი ლუკა ზარანდია დაასახელეს. შარშან, ამავე ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი დავით ჯიქია გახდა. საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი კი, გიორგი პაპუნაშვილს ერგო. 

აღსანიშნავია, რომ ზარანდია შარშან თბილისში გამართულ ევროპის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებშიც გამოირჩეოდა და იმედია მისი სახით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მალე კიდევ ერთი კარგი ფეხბურთელი ეყოლება

 

კომენტარები