საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

17-წლამდელებმა ირლანდია 3:0 დაამარცხეს

ავსტრიაში მიმდინარე 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში, საქართველოს ნაკრები ასპარეზობას განაგრძობს.

წინა ტურში სერბეთთან 0:2 წაგების შემდეგ, გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ამჯერად დამაჯერებლად დაამარცხეს ირლანდიის ნაკრები და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები შეინარჩუნეს.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ლუკა ზარანდიამ ანგარიში გახსნა - ეს 53-ე წუთზე მოხდა. ორი წუთის შემდეგ, ირლანდიელები ათი კაცით დარჩნენ - მსაჯმა მიტჩელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. მცირე ხანში, რომან ჭანტურიასთან უხეშობისთვის, ირლანდიელებს მეკარეც გაუძევეს, თუმცა მათ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზარანდიამ ვერ გამოიყენა.

62-ე წუთზე ილია კერძევაძემ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 71-ეზე გრიგოლ ჩაბრაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

დღეს ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ავსტრიის და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

კომენტარები