სროლა აშშ-ში

4 ივლისის აღლუმზე 7 ადამიანის მოკვლაში ბრალდებული პროცესზე საკუთარ ინტერესებს დაიცავს

რობერტ კრიმო III ლეიკის ოლქის სასამართლოს დარბაზში შეყვანისას, 2023 წლის 11 დეკემბერი
AP Photo/Nam Y. Hun, Pool

გასულ წელს ჩიკაგოს გარეუბანში 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ცეცხლის გახსნასა და შვიდი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის რობერტ კრიმო III სასამართლოზე საკუთარ ინტერესებს დაიცავს.

კრიმოს პირველი ხარისხის, ანუ დაგეგმილ განზრახ მკვლელობაში 21 მუხლით, მკვლელობის მცდელობაში 48 მუხლით, ჰაილენდ პარკში გახსნილი ცეცხლისთვის კი დამამძიმებელ გარემოებაში ზიანის მიყენებისთვის კიდევ 48 პუნქტით აქვს ბრალი წარდგენილი.

მოსამართლე ვიქტორია როზეტიმ კრიმოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, ბრალდებულს ჰკითხა თუ ესმოდა, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა და შესთავაზა, რომ თავისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადაეხედა.

კრიმომ უპასუხა, რომ ესმოდა.

მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის იურიდიული განათლება, რაზეც კრიმომ უპასუხა, რომ ერთხელ სასამართლოში დამკვირვებელი იყო. მოსამართლის დამატებით კითხვაზე კი თქვა, რომ განათლების ყველაზე მაღალი საფეხური, რომლის მიღწევაც შეძლო, საშუალო სკოლა იყო.

როსეტიმ ბრალდებულს განუმარტა, რომ მისი დაცვის ყველა ასპექტზე, მათ შორის, შუამდგომლობების დაყენებაზე, მოწმეების გამოძახებასა და გახსნისა და დასკვნითი სიტყვების წარმოთქმაზე ის იქნება პასუხისმგებელი. კრიმო დაეთანხმა.

"თქვენ იქნებით საკუთარი თავის წარმომადგენელი". - თქვა საბოლოდ მოსამართლემ, მოგვიანებით კი კრიმოს კიდევ ერთი თხოვნა დააკმაყოფილა, რომ 2025 წლის თებერვლის ნაცვლად, სასამართლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად, 2024 წლის თებერვალში დაიწყოს.

გასული წლის 4 ივლისის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. კრიმოს საქმეში, რომელიც ბრალდების ურიცხვი რაოდენობის პუნქტს მოიცავს, 10 000-მდე გვერდის ოდენობის დოკუმენტები და დამატებით სხვა მასალებია.

კომენტარები