კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე: საგანგებო მდგომარეობა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ვერ შეაფერხებს

პარლამენტი

ქართული ოცნების ერთერთი საპარლამენტო ლიდერის, ირაკლი კობახიძის, თქმით, "საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას". 

კობახიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსი სრულად დამარცხდება საქართველოში, ხელისუფლებას საკმარისი დრო დარჩება, მიიღოს დაპირებული საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონი. 

დეპუტატის თქმით, საგანგებო მდგომარეობა კი აჩერებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, თუმცა მმართველ გუნდს ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე ჰქონდა. 

"შევჯერდით უმოკლეს ვადებზე, რა ვადებშიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვით არის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა. ეს არის, დაახლოებით, მაქსიმუმ, ერთთვიანი ვადა,"- თქვა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

დაპირებულ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა და თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა საკონსტიტუციო პროცესს ზიანს ვერ მიაყენებს. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შედის, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

საპარლამენტო ოპოზიციის, ევროპული საქართველოს, ლიდერების განცხადებით, ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს ერთჯერადად აჩერებენ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერენ, თუმცა მათთვის დოკუმენტში ვადის გაწერა საკვანძო საკითხია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც

საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, "საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე". 

8 მარტს დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებას და საარჩევნო სისტემის პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებას ითვალისწინებს, მანდატების 120/30-ზე თანაფარდობით. 

კომენტარები