ჩაკეტილი საზღვრები

კიევის, დოჰას და მინსკის ფრენებიც ცალმხრივი იქნება, გაფრენას შეძლებთ, ჩამოსვლას - ვერა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სექტემბრის დადასტურებულ ფრენებს კიდევ რამდენიმე რეისი დაამატა - ორი ჩარტერული ფრენა ათენის მიმართულებით, სამი დოჰას და ოთხი - კიევის მიმართულებით. კიევის და დოჰას შემთხვევაში, ისევე როგორც სტამბოლსა და მინსკში, ფრენები ცალმხრივად შესრულდება - მგზავრებს ამ ქალაქებში გაფრენა შეეძლებათ, ხოლო თბილისში ჩამოფრენა - არა. ამ ეტაპზე ავიაციის სააგენტოს არ დაუმტკიცებია Georgian Airways-ის ჩარტერული რეისები - სავარაუდოდ, როგორც გასულ თვეებში, აირზენა სექტემბერშიც ათზე მეტ ფრენას შეასრულებს.

კატარის ავიახაზების ჩარტერული ფრენები თბილისიდან დოჰას მიმართულებით 2, 16 და 30 სექტემბერს შესრულდება. თბილისი-კიევის რეისზე 9, 23 და 30 სექტემბერს SkyUp Airlines-ი იფრენს, ხოლო 3 სექტემბერს - YanAir Airlines.

სტამბოლის მიმართულებით ცალმხრივ ჩარტერულ ფრენებს 2, 6, 13, 20, 27 სექტემბერს ავიაკომპანია პეგასუსი შეასრულებს, ხოლო 5, 12, 19 და 26 სექტემბერს - თურქეთის ავიახაზები.

რაც შეეხება მინსკს, ბელარუსის დედაქალაქის მიმართულებით ბელავიის ავიახაზები 3 სექტემბერს გაფრინდება.

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic აქამდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, 20 აგვისტოდან კი, სიხშირე კვირაში ორი იქნება.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები