დავითგარეჯას საქმე

ღარიბაშვილი: ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება სააკაშვილის დონეზე იყო მიღებული

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს პრემიერმინისტრი დავით ღარიბაშვილი დავითგარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას ეხმაურება. 

"ძალიან საინტერესო და საგულისხმოა ის ინფორმაცია, რომელიც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბატონმა ნოღაიდელმა გააცნო საზოგადოებას. მან პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. ციტირება შეიძლება მოვიყვანო, მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ეს ასე არის და ამას უნდა შევეგუოთ, უნდა დავთანხმდეთ. რას ნიშნავს შევეგუოთ და დავთანხმდეთ? დავითგარეჯის ნაწილების გადაცემას და ა.შ." - ამბობს ღარიბაშვილი იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.   

დავითგარეჯის საქმის ფარგლებში გამოძიებას ჩვენება მისცა ზურაბ ნოღაიდელმა. როგორც ტაბულას ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ეუბნება, ნოღაიდელის ჩვენებაში უშიშროების საბჭოს სხდომას და რამდენიმე შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად იღებდა. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.  ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები