არჩევნები 2020

18 ნოემბერს, 11:00 საათზე ოპოზიცია პომპეოს ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს

ტაბულა

18 ნოემბერს, 11:00 საათზე ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ლელოს ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს.

"აქცია გაიმართება 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 11:00 საათზე ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, ფილარმონიის, რუსთაველის მეტროსა და მელიქიშვილის მიმართულებით, დაცული 2-მეტრიანი დისტანციით. ყველა ადამიანს, ვინც მოვა მდუმარე აქციისთვის, მიეცემა სტიკერი, რომელზეც ეწერება – გაყალბებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიძლება ვერ თანხმდებოდეს ძალიან ბევრ რამეზე, პოლიტიკურ გემოვნებაზე, მემარჯვენეობაზემემარცხენეობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ უდიდესი ნაწილი ვთანხმდებით, რომ არჩევნები არის გაყალბებული". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ.  

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათივე ცნობით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორს შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები