აშშ-საქართველო

აშშ: დამოუკიდებელი სასამართლო საარჩევნო დარღვევების ბრალდებებს გადაჭრიდა და იქნებოდა ნდობა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, დარღვევებზე და რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათ ყურადღება გაამახვილეს სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე.

"ეს იყო სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო სექტორთან სასამართლო რეფორმაზე შეხვედრის მიზეზი, რადგან, იქ რომ იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო დარღვევების ბრალდებები, რაც გაკეთდა, გადაიჭრებოდა სასამართლოში და ხალხს ექნებოდა განაჩენის ნდობა". - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

აშშ-ს საგარეო უწყების ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს 31 ოქტომბრის არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზეც:

"საქართველო 20 წელია მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე და აშშ მათ ამაში ეხმარება, თუმცა ისინი კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ჩემი აზრით, სწორედ ეს დავინახეთ ამ არჩევნებზე. მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდათ ხარვეზიანი არჩევნები და მსგავსი ტიპის დარღვევები ვნახეთ ამ არჩევნებზეც: ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და საჯარო მოხელეების მიყვანა ხმის მისაცემად.

რაც იყო განსხვავებული ამ წელს, იყო კორონავირუსი. ამჯერად არ ყოფილა ჩვეული დიდი, მცირე ვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფები. იყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი და გარკვეული რაოდენობით მცირე ვადიანი დამკვირვებლები ეუთოდან, მაგრამ ბევრი არა. და ასევე, რა თქმა უნდა, აშშ-ს და სხვა საელჩოების მისიებმა გაგზავნეს არაოფიციალური, არაფორმალური ჯგუფები.

ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, შეაფასა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, უკეთესიც კი, რაღაც კუთხით - ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები ზოგიერთი ფორმის უფრო აგრესიული ტაქტიკა, რაც წინა არჩევნებზე გვხვდებოდა, პატივს სცემდნენ ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ მათ ასევე დააფიქსირეს დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაც საქართველოს არჩევნებს თან სდევს 30 წელია. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა. საელჩოს განცხადებაში ეს ჩანს."

მათ ოპოზიციას მოუწოდეს კანონიერი გზით გაასაჩივრონ დარღვევები და ბოიკოტის ნაცვლად ცვლილებებისათვის პარლამენტიდან იმუშაონ:

"ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გაასაჩივროს დარღვევები კანონიერი გზებით, რომლებიც საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნა. სამწუხაროდ, მათ და საქართველოში კიდევ ბევრს არ აქვს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ჩამოყალიბების ეტაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართეს, არ ჰქონიათ რწმენა, რომ საჭირო განხილვას მიიღებდნენ. ამიტომ, არჩევნების მეორე დღიდან ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ.

რამაც გამოიწვია ჩვენი ყოყმანი არის შედეგები, გამოთვლები არ იყო ძალიან აცდენილი. ოფიციალური შედეგები, ზოგიერთ შემთხვევაში, ახლოს იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ პარალელურ დათვლებთან. ამიტომ, მაშინათვე, ცხადი არ იყო, ეს იყო მასშტაბური დარღვევებით ჩატარებული არჩევნები. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნები, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ? კიდევ ერთხელ - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, გამოიყენონ კანონიერი საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში შექმენით ამ ბრალდებების განსახილველად - გადათვლების და მსგავსი საკითხების, რაც ისე გამჭვირვალედ არ მოხდა, როგორც საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც გაზარდა ეჭვი შედეგების სანდოობის მიმართ.

ევროკავშირის ელჩთან ერთად ყველა პარტიასთან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ, მათ შორის რამდენიმე შეხვედრას, რომელშიც ყველა პარტია ერთად მონაწილეობდა, რათა გვენახა შესაძლებელი იყო თუ არა მოლაპარაკების გზით გამოსავლის მოძებნა ჩიხიდან, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან ცვლილებებისთვის და არა კვლავ ბოიკოტს. მათი, ასე ვთქვათ, რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები.

ეს მოხდა გასულ ზაფხულს, როდესაც მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა. და ამ საარჩევნო სისტემამ, ახალმა სისტემამ, იმუშავა. საქართველოს ახლა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მასში 9 პარტია შევიდა, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულ პერსპექტივებს და ხედვას წარმოადგენენ, ცვლილების შედეგად არის მეტი ქალი. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე ვნახეთ, უნდა ყოფილიყო საარჩევნო რეფორმაში ასახული. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს აწყობდა, ამიტომ საარჩევნო რეფორმა ისეთი მძლავრი არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის მონაწილეები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტის შიგნით. ამიტომ, იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ, უკვე ნანახი ფილმის ყურებაა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და ჩვენ ვეღარ ვნახავთ იმავე დარღვევების განმეორებას."

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

ქვეყნის დატოვებამდე პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყვნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციებია: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

საელჩოს განცხადების მიხედვით, მათთან პომპეომ სასამართლო რეფორმაზე ისაუბრა:

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად".

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არც ერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი - 100%.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები