არჩევნები 2020

ცესკო: II ტურში არჩევნებზე 26.29% მივიდა, I ტურში აქტივობა 56.11% იყო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 26.29% მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 56.11% იყო. მათივე ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664-მა ამომრჩეველმა. 

"დღის განმავლობაში საოლქო-საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხებოდა". - თქვეს ცესკოს ბრიფინგზე. 

აქტივობა რეგიონების მიხედვით: 

  • აჭარა - 30.3% 
  • თბილისი - 21.9% 
  • იმერეთი - 27.6% 
  • კახეთი - 33.7% 
  • მცხეთა-მთიანეთი - 32.5% 
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28.6% 
  • ქვემო ქართლი - 29.2% 
  • შიდა ქართლი - 33.2%

რაც შეეხება 2016 წელს, ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 37.5% იყო.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი - 100%.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები