რა იყო მთავარი მამუკა ხაზარაძის გამოსვლაში

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში
ტაბულა

მუქარა შს მინისტრისგან, შანტაჟის ენით საუბარი სებ-ის პრეზიდენტისგან, ბანკზე კოორდინირებული შეტევა 4 უწყების მხრიდან ერთდროულად და ამას საეჭვოდ დამთხვეული კიბერშეტევა, კონფიდენციალურობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების დარღვევა - პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, მოსმენა დასრულდა. 

რა იყო მთავარი მამუკა ხაზარაძის გამოსვლაში

1. მამუკა ხაზარაძე ყვება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, რომელსაც გაასაჯაროვებს, თუკი პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ხაზარაძე ამბობს, რომ გახარია მათგან ითხოვდა "რაღაცის შესრულებას", წინააღმდეგ შემთხვევაში, რეპუტაციული ზიანით ემუქრებოდა.

 



2. მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ამ წერილისა და მუქარის შესახებ მან დაკითხვის ოქმში ისაუბრა, თუმცა მისდა გასაკვირად, 3 პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. 

3. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა, და მისი მოადგილის მეშვეობით მასა და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა. ხაზარაძე ყვება, რომ მას შემდეგ, რაც სებ-ისგან მიიღო წერილი, რომელშიც მარეგულირებელი ორგანო TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მისი და ჯაფარიძის გადადგომას ითხოვდა, ის შეხვდა გვენეტაძესა და მის მოადგილეს. ხაზარაძე ყვება, რომ გვენეტაძეს მან შესთავაზა, რომ გადადგებოდა, თუკი სებ-ი მისცემდა მას წერილს, სადაც გარკვევით ეწერებოდა, რომ პროკურატურაში მიმდინარე საქმეს არაფერი ჰქონდა საერთო ფულის გათეთრებასთან. 

ხაზარაძე ყვება, რომ მომდევნო დღეს მან მართლაც მიიღო WhatsApp-ის საშუალებით წერილი, სადაც ეწერა: 

"ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის. საკითხი ეხება ინტერესთა კონფლიქტს". 

თუმცა, მამუკა ხაზარაძის კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა მისი მხრიდან ამ წერილის გამოყენება, სებ-მა უპასუხა, რომ ამ წერილის ჩვენება მას მხოლოდ პარტნიორებთან შეეძლო და სხვაგან არსად. 

"ეს იყო პრაქტიკულად, რასაც ინგლისურად ეწოდება blackmailing და ქართულად - შანტაჟი. მითხრეს, რომ თქვენ გადადექით და ჩვენ იმასაც კი არ ვიტყვით ხმამაღლა, რომ ფულის გათეთრებაზე არ მიდის საქმე" - ამბობს ხაზარაძე.



4. სებ-ის საკითხი მხოლოდ ამით არ ამოწურულა. მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ TBC ბანკი დღემდე იღებს წერილებს ეროვნული ბანკისგან, რომელიც მათგან ითხოვს ისეთი ტიპის ინფორმაციებს, როგორიც არის, ვის რამდენი პროცენტი წილი აქვს ანაკლიის პორტის პროექტში. 

5. მამუკა ხაზარაძე ყვება, რომ 2018 წლის ივნისიდან, ისე, რომ მან და ბანკის მენეჯმენტის სხვა წევრებმა არ იცოდნენ, რისთვის, TBC ბანკში ერთდროულად შევიდა 4 უწყება - ფულის მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, საგადასახადო სამსახური და ეროვნული ბანკი. ხაზარაძემ თქვა, რომ მან საგამოძიებო უწყებებს მიაწოდა ყველა საჭირო დოკუმენტი 11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ იმის მიუხედავად, რომ საბანკო სექტორს კანონმდებლობით არ ევალება 6 წელზე მეტი ხნის წინ განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტის შენახვა. 

6. ხაზარაძის თქმით, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც TBC-ში ერთდროულად 4 საგამოძიებო ორგანო შევიდა, ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ხაზარაძის თქმით, ბანკში მომუშავე 400-მდე კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე პირმა გამოიძია ჰაკერული თავდასხმა და მათ აღმოაჩინეს ის ოფისი, ის კომპიუტერები და ის ხალხი, რომლებიც ამ თავდასხმის უკან იდგნენ. ხაზარაძის თქმით, ეს ის ხალხია, ვინც ინტერნეტში ბოტების ფაბრიკის უკან დგას. ხაზარაძის თქმით, ეს ის ბოტები არიან, რომლებიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მთლიანად ბანკის დისკრედიტაციას ცდილობს. 



7. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე გუნდმა გამოიძია, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. ხაზარაძის თქმით, ამის შესახებ შს მინისტრ გიორგი გახარიას 5 წერილი მიწერა, პასუხი კი მხოლოდ 1 კვირის წინ მიიღო ერთერთი გამომძიებლისგან, რომელმაც მას მიწერა, რომ კომპიუტერი ამოღებულია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. 

8. მამუკა ხაზარაძე ყვება, რომ როდესაც პირველად მივიდა დაკითხვაზე პროკურატურაში, მან ითხოვა, თუ შეიძლებოდა, რომ არ გასაჯაროვებულიყო საქმე, ვინაიდან ანაკლიის პორტის პროექტს იწყებდა და 19 იანვარს ის 2 დიდ კონტრაქტს აწერდა ხელს წამყვან სახელმწიფო ბანკებთან. ხაზარაძის თქმით, 31 დეკემბერს მან პირობა მიიღო, რომ საქმე არ გასაჯაროვდებოდა, თუმცა მისთვის მოულოდნელად, 9 იანვარს პროკურატურამ პრესისა და ტელევიზიების წინ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. 

9. მამუკა ხაზარაძე გარკვეულწილად TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ანაკლიის პორტის პროექტსაც უკავშირებს. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ერთი მხრივ, თითქოს ხელს უწყობს ამ პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, ბანკის დისკრედიტაციას ახდენს.

"თუ ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, მაგიც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი" - თქვა ხაზარაძემ. 

10. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე ორი ლიდერის შეტევის ქვეშ იმყოფებიან, რომელთაგანაც ერთი უცხოეთშია, მეორე - საქართველოში. 

11. მამუკა ხაზარაძის თქმით, სესხების 120-მილიონიანი პორტფელის განულებისთვის მათ 3 მილიონი მიიღეს. ხაზარაძემ ვალების განულების სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა და TBC ბანკის 2008 წლის 17-მილიონიან სადავო ტრანზაქციასთან პარალელი გაავლო:

"ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარით - თქვენ რომ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მლნ-იანი პორტფელი ამ 1.5 მლრდ-ში უნდა ჩამოვწეროთ, 3 წლის მერე სებ-ის ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იურკში თქვას - რატომ ჩამოწერეთ 120 მლნ 3 მილიონად? ვინ იყო ის, ვისაც დაუთმეთ? ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო. კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ არასწორი იყო 120 მილიონის ჩამოწერა? სებ-ისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის?"

12. აპირებს, თუ არა პოლიტიკაში მოსვლას? მამუკა ხაზარაძე ამ კითხვასაც პასუხობს და ამბობს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის.

13. და ბოლოს, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის არ აპირებს, შეწყვიტოს ბრძოლა:

"ეს საბჭოთა, კაგებეშნიკური პრაქტიკა, რომ ვიღაცას ლაფს დაასხამ, მერე მიდის გამოძიება, იდება თაროზე და ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება ელემენტარულად, რომ პასუხი გასცენ, ან ფინანსური ან მორალური, ან ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვერ მოერევი, რადგან ადამიანი ყოველთვის პატარაა - ეს უნდა შეწყდეს."



საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

კომენტარები