არჩევნები 2020

ბაქრაძე: მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დარჩა – ჩვენი შეთავაზება ახალ არჩევნებზე

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული, რიგით მეორე შეხვედრის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

"სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება". – ამბობს ბაქრაძე.

მისივე თქმით, ამიტომაც, ცესკოს ეს გადაწყვეტილება გახდა ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროა მოლაპარაკების თემა და მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დარჩა – ოპოზიციის შეთავაზება ახალ არჩევნებზე.

"ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან არის დაშორებული, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება". – ამბობს ბაქრაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები