არჩევნები 2020

კალაძე: ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შევთავაზეთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში შეხვედრისას ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა.

კალაძის თქმით, შეხვედრის დეტალები ამ ეტაპზე არ უნდა გასაჯაროვებულიყო, თუმცა, მისივე სიტყვებით, იმის გამო, რომ ოპოზიციის წევრებმა საკითხებზე ისაუბრეს, დეტალებზე საუბარი ქართულმა ოცნებამაც გადაწყვიტა, "ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს."

"ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციების ე.წ. "კარუსელებს". 

როგორც ჩანს, მათ არ აინტერესებთ, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ, მათივე მოდელირებული, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება." - ამბობს კახა კალაძე.  

კალაძის თქმით, ოპოზიციას 1 500 უბნის ხმების გადათვლა შესთავაზეს, სადაც ISFED-საც ჰქონდა შენიშვნები. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და "მსგავს საკითხებს" არ განიხილავს.  

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ორი შეხვედრა გაიმართა - 12 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს.  

დღეს, 14 ოქტომბერს გამართული შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ "ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა" ცესკოს გადაწყვეტილებით, არ დაეკმაყოფილებინათ ოპოზიციისა და საიას არცერთი საჩივარი. მათივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი საკითხია დარჩენილი - ხელახალი არჩევნები.  

არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ დიალოგის ამ ფორმატში დასრულებას არ ელიან და "მზად ვართ, პარლამენტში გავაგრძელოთ." 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები