ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი საკუთარ თავზე, მიღწევებზე, ფსიქოანალიზსა და სუფრაზე - 64 ციტატა 64-ე იუბილეზე

0 კომენტარი
ფოტო: Ipress.ge

ყოფილი პრემიერმინისტრი და მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იუბილარია. მას 64 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, ტაბულა არქივიდან გთავაზობთ 64 გამორჩეულ ციტატას.

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავზე

  1. პოლიტიკიდან მე ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ. 2016 წლის 8 სექტემბერი.
  2. მე არ ვეხმარები კვირიკაშვილს, არ ვეხმარები ქართულ ოცნებას, მე ვღაღადებ რეალობას. 2016 წლის 3 ოქტომბერი.
  3. პროფესიონალობას პოლიტიკურს მე არ დავიჩემებ. პრინციპში, შეიძლება, პოლიტიკოსად დღესაც ვერ ჩამოვყალიბდი მე, მაგრამ მართვის ჩვევები მაქვს, გამოცდილება მაქვს, რაღაც გამიკეთებია, რაღაც წარმატებები მიმიღია, გუნდი დავარწმუნე, გუნდი შევკარი, პარტია ჩამოვაყალიბე. 2019 წლის 28 ნოემბერი.
  4. ქველმოქმედებად სწორედ ეს მიმაჩნია, რომ საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ვიცხოვრო ფუფუნებაში და ის ცოდნა, ენერგია და გამოცდილებაც, რაც მაქვს, მინდა, რომ ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორი გზით განვითარდეს. 2016 წლის 19 სექტემბერი.
  5. მე ძალიან ვამაყობ, რომ კარგი ანალიზი შემიძლია. 2016 წლის 1 სექტემბერი
  6. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საკმაოდ ლამაზი შედეგი ვაჩვენე. 2016 წლის 1 სექტემბერი.
  7. ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი. 2016 წლის 30 მაისი.

  8. უპრეცედენტო რამ მოხდა მსოფლიოში და ამაზე არავინ აქცენტს არ აკეთებთ... მოვედი, გადავალაგე ზუსტად რაც ვთქვი და ზუსტად იმ დროის შუალედი, რაც დავასახელე, ზუსტად ორწელიწადნახევარში გადავდექი ჩემი სურვილით ხელისუფლების ზენიტში მყოფი პიროვნება. 2016 წლის 2 ივნისი.

  9. პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. 2019 წლის 4 ნოემბერი.

  10. ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია"-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა. 2019 წლის 4 ნოემბერი.

  11. მინდა გავიგიავდე, საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. 2018 წლის 28 ნოემბერი.

  12. მე რა ვუქენი ბირჟებს და საერთოდ მაგ დარგის გალერეებს, ყველამ ფული უნდა გადამიხადოს წესით. მთელი რუსეთი მე დავსვი მაგაზე, ხელოვნებაზე მე გადავიყვანე. 2014 წლის 22 დეკემბერი.

ბიძინა ივანიშვილი და ქართული სუფრა

  1. ქართულ სუფრასთან დაჯდები და იქ მოყვები ყველაფერს, იქ მოვა შენი თამადა - შენი ფსიქოთერაპევტი, იქ ჩაგიტარებს და სულ არ უნდა ამას სადმე ფსიქოთერაპევტთან წამოწოლა. 2014 წლის 9 თებერვალი.
  2. ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფეიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების, ყველაზე წარუმატებელი კაციც ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი. 2019 წლის 29 დეკემბერი.
  3. იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს. იყო ქართველი - ნიშნავს, უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას. 2019 წლის 14 დეკემბერი.
  4. ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით, რომლის მშვენება, ქართული თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვაა. გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა. 2019 წლის 2 ნოემბერი.

  5. სადაც კი ადამიანმა ნავი გათალა, მაშინვე სხვა ქვეყნებს მიაშურა. ნავმა მხოლოდ ქართველი მიაჯაჭვა საკუთარ მიწა-წყალს, რადგან ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო, რაშიც ღვინოს წურავდა და სხვაგან წასვლას, შინ სტუმრის ლოდინს ამჯობინებდა. 2016 წლის 30 მაისი.

  6. ქართული სუფრის ფენომენი ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაა. მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია მე ქართული სუფრა, როგორც მიმდინარეობს, თუ ჯანსაღად მიდის. 2015 წლის 29 მარტი.

ივანიშვილი და ბუნება

  1. არჩევანი რომ გვქონდეს დღეს ქართულ ოცნებასა და ვინმე სხვას შორის, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, წავიდოდი და პოლიტიკაში და პარლამენტში ვეღარ მნახავდით. ჩემს სოფელს არ დავტოვებდი… მერჩივნა მებაღე ვყოფილიყავი, ვიდრე პოლიტიკოსი. 2019 წლის 1 დეკემბერი.
  2. გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. 2019 წლის 9 დეკემბერი.

  3. ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი და კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას. 2019 წლის 9 დეკემბერი.

  4. მე ვარ ფანატი დიდი ხეების, გიგანტური ხეების. 2015 წლის 27 ოქტომბერი

ივანიშვილი და მედია

  1. კოლეგას მაინც ეცი პატივი შვილო, სად გაიზარდე… თუ გაჩუმდები, შეიძლება დაგასმევინო კითხვა. 2019 წლის 17 ივლისი.
  2. ჩემი ციტატები არც ერთი არ გაწყობთ, რაც მოვიტანე? იმას არც ერთს არ ეთანხმებით? 2016 წლის 2 ივნისი.
  3. რას გამაჩერე ახლა, რა დიდი საქმეც შენ გქონდა. 2018 წლის 11 იანვარი.

  4. ჯერ უნდა მოითაოთ რესპონდენტი, მას კითხვები უნდა დაუსვათ, მისგან პასუხები უნდა მოისმინოთ... 2018 წლის 26 ოქტომბერი.

  5. მე მგონი, მაესტროს ჟურნალისტები, მთელი შემადგენლობა, ცოტა დაიბნა, უკაცრავად და, დაგოიმდნენ. გონიათ, რომ კარგია თუ ცუდია, აუცილებლად უნდა ვაგინოთ ხელისუფლებას, კარგია თუ ცუდია, აუცილებლად უნდა ლანძღო. მგონი, ცოტა დაიბნენ და გადააჭარბეს თავის უფლებებს. 2013 წლის 17 ოქტომბერი.

  6. მოახერხოს ყველამ და მერე ჩაიბრუნეთ თქვენ, ჯერ მოახერხონ სხვებმა და თუ არ დარჩება კითხვები, მერე თქვენ დაბრუნდით. 2015 წლის 18 ივნისი.

  7. კარგად მუშაობს მთავრობა, ტყუილად ხარობს ტაბულა. 2014 წლის 4 დეკემბერი.

ივანიშვილის ფსიქოანალიზი 

  1. თუ მოვახერხე და დროზე წავედი პოლიტიკიდან, დარჩენილი წლები ამას მინდა მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. 2019 წლის 27 ნოემბერი.
  2. ქართულ ხასიათს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, ყველაფერი ერთბაშად გვინდა. როგორც წესი, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ხალხი ნებისმიერი პარტიისგან სწრაფ შედეგებს ითხოვს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. 2013 წლის 2 ივლისი.
  3. კავკასიურ ტყვე ქალში, სადღეგრძელოში არის ძირითადი ფილოსოფია ადამიანის სრულყოფაზე, მე ძალიან ბევრი დრო მაქვს დახარჯული, 40 წელიწადია ვაკვირდები ამ პროცესს, დაკავებული ვიყავი ფსიქოლოგიით, ფსიქოანალიზით, ფილოსოფიით, მოყვარულის დონეზე. 2016 წლის 26 სექტემბერი.

ივანიშვილი ყოფილ და მოქმედ თანაგუნდელებზე

  1. ერთადერთი ნაკლი რაც აქვს კვირიკაშვილს, რომ პატარა გადაცდომაზეც შეიძლება, უარი თქვას თავის სავარძელზე... იმდენად მოწესრიგებული კაცია, იმდენად წესიერი კაცია, რომ რაღაც შესატყვისი რომ არ იყოს, მთავრობაში რაღაც მოხდეს... არსად გაგვექცეს, არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს. სხვა თვისებები ყველა უნიკალური აქვს. 2016 წლის 12 სექტემბერი.
  2. მე და დიმიტრი [ხუნდაძე] ერთად ვსწავლობდით, თუ გნებავთ, ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე ძნელი იყო, არ დაგიმალავთ, კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა უკვე, იმდენად მერიდებოდა, ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძეც, ძალიან მოწესრიგებული პიროვნება. 2016 წლის 12 სექტემბერი.
  3. კახი კალაძე არის უაღრესად მოწესრიგებული კაცი და მახსოვს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და კახის შევხვდი პირველად და შევეკითხე – კახი, შენ როგორ ხედავ, სად ისურვებდი, სად ხედავ შენს ადგილს? დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მიპასუხა – აი, სადაც მეტყვით, გინდათ დაცვაში, გინდათ თავდაცვაში, გინდაც თავზე დავდგები, ოღონდაც ჩემს ქვეყანას მოვემსახუროო. 2016 წლის 9 ივნისი.

  4. მთავარი დედა აზრი და აზრი და აზრი იყო მხოლოდ წასვლა და წასვლა წასვლისათვის და სწორედ რომ წარმატებული პრემიერი წავიდა [ირაკლი ღარიბაშვილი]. 2015 წლის 30 დეკემბერი.

  5. ეს [მარგველაშვილი] არ არის სკამზე გამოკიდებული კაცი, ის ვალდებულების განცდით მოდის, გარდა ამისა, გიორგის განათლება არ აკლია, იცით ეს. კრეატიულია, მე თვითონაც თავს ვთვლი ძალიან კრეატიულად. 2013 წლის 17 ოქტომბერი.

  6. [ირაკლი ღარიბაშვილი] მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას და ჩემზე უკეთესი პრემიერია, თუ გნებავთ იმით, რომ უფრო ენერგიულია ჩემზე. 2014 წლის 19 მარტი.

ბიძინა ივანიშვილი და ეკონომიკა

  1. ლართან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას... ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. 2015 წლის 28 იანვარი.
  2. კიდევ მეტი იქნება უფასო ფული. რა თქმა უნდა, ეს არ არის ეკონომიკური ტერმინი. ნაციონალური მოძრაობა თავხედურად ცდილობს დაამახინჯოს ეს ტერმინი. თვითონ ხდებიან საცოდავები და სასაცილოები. როდესაც 1, 2 ან 3 პროცენტია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. 2015 წლის 22 მარტი.

ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი

  1. თავისით არაფერი არ მომხდარა, თავისით არც ის ომი არ მომხდარა და ამაში წვლილი საკუთარ ხელისუფლებასაც აქვს, რუსეთს თავისი წვლილი და დანაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. 2016 წლის 15 სექტემბერი.

  2. მეც ვიმეორებ მაგას.. საქართველომ კი არ დაბომბა, სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. 2018 წლის 24 ოქტომბერი.

  3. მთელი მსოფლიო იღწვის რუსული ბაზრისთვის, სანამ ომს მოგვიხერხებდნენ, მანამ ცივი ომი ჰქონდათ და დაკეტეს რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, თუ გახსოვთ. 2016 წლის 15 სექტემბერი.

  4. მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მე ამის არა მჯერა. 2013 წლის 4 ივნისი.

ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიასა და საერთაშორისო პარტნიორებზე

  1. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი - ქართულმა ოცნებამ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი. 2018 წლის 11 მაისი.

  2. რეალურად, მრავალი თვალსაზრისით ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში. 2019 წლის 14 დეკემბერი.

  3. ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა. 2019 წლის 14 ნოემბერი.
  4. დემოკრატული ინსტიუტების, დემოკრატიული ღირებულებების მხრივ ნახტომები გავაკეთეთ ოთხი წლის განმავლობაში. 2016 წლის 22 სექტემბერი.
  5. ევროპელებთანაც გაცილებით უკეთესი გვაქვს დამოკიდებულება და აღფრთოვანებულები არიან იმ რეფორმებით, რაც საქართველოში გატარდა, აი, აღფრთოვანებულები არიან. თუ გინდ სტაბილურობით, მახსოვს ევროკავშირის ელჩთან ბოლო შეხვედრა, მომილოცა პირდაპირ. 2016 წლის 29 სექტემბერი
  6. გარწმუნებთ, გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რასაც ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ მტერი მოვედი, ქვეყნის დანგრევა და მიმართულების შეცვლა მინდა, გარწმუნებთ, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობ. 2016 წლის 29 სექტემბერი.

  7. ევროკავშირის ელჩს გავიხსენებ, შემხვდა ბოლოს, და რაც მითხრა და რითაც დაიწყო - გილოცავთ, როგორ მოახერხეთ ასეთი სტაბილური ქვეყანა, ევროპელებსაც კი შურთ თქვენიო. 2016 წლის 15 სექტემბერი.

  8. ადამიანის უფლებების მხრივ მე პრეტენზია მაქვს, რომ ჩვენ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. 2016 წლის 7 ივნისი.

სხვადასხვა

  1. [ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები] პირდაპირ კედელს თავს ურტყამენ. შანსი არ აქვთ, ღამეებს ათენებენ, რაღაცეებს, ერთმანეთს ამაგრებენ, ერთმანეთს ატყუებენ, რომ დღეს არა, ხვალ მოვალ, შანსი არ აქვთ. ამ დროს მიდიან ვა ბანკში, უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, ზარალდებიან, ზოგი ორი დღით მიდის, ზოგი ერთი კვირით მიდის [საპატიმროში], ახლაც, ამ ახალგაზრდებს, ვისაც უწევს დაპატიმრება. ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს უარესი ტრავმა აქვს. ზოგი წლობით იხდის [სასჯელს] და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, მაგრამ თავგანწირულად მიდიან. 2019 წლის 28 ნოემბერი.

  2. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება. 2013 წლის 5 თებერვალი.

  3. წინა შეხვედრაზე შენიშვნა მითხრეს, რატომ არ ჩავედი დვანში [მავთულხლართების გადმოწევის შემდეგ]. რა, მე ჩავიდე და მათთან ერთად ცრემლი ვღვარო თუ რა ვქნა? 2013 წლის 17 ოქტომბერი.

  4. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ესეთი გრძნობადობისთვის, ესეთი შეგრძნებისთვის, ესეთი რეაქციისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა, მეც რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ. 2018 წლის 28 ნოემბერი.

  5. ძალიან ცოტა, შეიძლება ორიც ვერ დავასახელო დღეს ქართულ პოლიტიკაში, ასე თავისით შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალბატონი, ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი. 2018 წლის 24 ოქტომბერი.

  6. ბევრს ხელექავება დღეს და ხელეწიფება, რომ მოსვლა ხელისუფლებაში უნდა ისევ, რომ ეს გახდეს შემოსავლის ძირითადი წყარო. 2016 წლის 3 ოქტომბერი.

  7. სააკაშვილს უკუღმა დარგული ხე ჰქონდა და ის ვერ აყვავდებოდა ჩვენ გადმოვდგით ფესვები შევუფუთეთ დავრგეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აუცილებლად აყვავდეს. 2015 წლის 24 ოქტომბერი.

  8. რა წვალებად დაუჯდათ [სალომე ზურაბიშვილის მშობლებს], როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს. 2018 წლის 21 ნოემბერი.

  9. აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება? მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს, აი, გეგონება, რომ გუშინ პირდაპირ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერაო. 2019 წლის 28 ნოემბერი.

  10. ახლა ნიცშეს ვკითხულობ. ნიცშეს კრიტიკას ვკითხულობ. მთლიანად მის მოღვაწეობას. მას ადამიანზე აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები. 2014 წლის 16 დეკემბერი.

  11. საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო ყველაზე წარმატებული ერი. 2013 წლის 4 ოქტომბერი.

  12. რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის განცდა და აღქმა მისი. შედარებას გავაკეთებდი რომ ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებში ამ კვლევაში, ბედნიერების ინდექსი და რაღაც გამოიყოფა, ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებში არის უკეთესი და ჩვენზე უკეთეს სახელმწიფოებში, მაგალითად საფრანგეთში არის უარესი. ჩვენთან ფასეულობები, ოჯახი მაინც დარჩა, იქ არცერთი აღარაა. 2019 წლის 9 აპრილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები